ზღვისპირეთი
ირწევა გემი. მზე არსად ჩქარობს. დგას მიკროფონით ზღვისპირას ქალი და ეძებს მუშტარს გემებისათვის. სასტუმროები, ქუჩები, გზები. ფერად-ფერადი სამაჯურები, ცხელი სიმინდი. ირევა ხალხი - ჩრდილოელები, სამხრეთელები, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ვიღაც ნაყინს ჭამს. ირწევა გემი. ჯდება ბავშვის გემის ცხვირთან და ჩაჰყურებს ზღვას. დუმს ბავშვი, მწვანე ტალღებს დაჰყურებს, უკვე დიდურად ჩაფიქრებული. იქით კატერი, წითელი კაბა, გოგო და ბიჭი დიდი მზის ქვეშ. თეთრი კატერის ცხვირზე დგას ბიჭი და უხსნის გოგოს, ალბათ სიყვარულს. ირწევა გემი, ირწევა მიწა. ავტობუსები მიდი-მოდიან. მზე არსად ჩქარობს. სასტუმრო, 24-ე სართული. ღამის ზღვა, შადრევანი. ზღვამ მზე ჩაყლაპა და მზეჩანაყლაპი შავი ვეშაპივით გამოწვა ნაპირზე. განთიადი. იღვიძებენ მანქანები. ვიღაცა ცეკვავს მუსიკის ხმაზე, იღვრება მუსიკა და მუსიკის წყალში ლივლივებს ცა, პარკი და ტბა. ლივლივებს ბიჭი, სამაჯურები, ავტობუსები, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ლივლივებს ზღვა მუსიკის წყალში, ლივლივებს გემი და მიდის მზისკენ. ხოლო ქალაქი იწყებს ცხოვრებას და ამთავრებს ღამეს. ვიღაც კისკისებს. მზე არსად ჩქარობს. მაღლა, მთაზე, ტყეში მდგარ პატარა ხეს უკვე შეყვითლებია ორი ფოთოლი. ბავშვი კი ჩაჰყურებს ზღვას, მწვანე ტალღებს, უკვე დიდურად, უკვე დიდურად ჩაფიქრებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი