ასაწყობი ფრაგმენტები


1.	

ღრუბლის თეთრი გემი
დაეჯახა კორპუსის აისბერგს,
ცაში თავამოჩრილს,
დაიმსხვრა
და
დაიძირა ქალაქის 
შავ და მოქუფრულ ფსკერზე.
მის ნამსხვრევებს შეხვდებით
ცაში ხელაწვდილი 
შეყვარებულების თვალებში, 
ცხოვრებაგავლილი მოხუცების
სევდიან მზერაში,
სკვერების მოკირწყლულ
ბილიკებთან თავამოყოფილ,
ნაგვიანევი ყვავილების ფურცლებზე. 
კატასტროფის ადგილას კი ამოდის მთვარე - 
გულგრილი ინსპექტორი
და ამოწმებს კორპუსის ბოლო სართულს -
რომელშიც არავის ძინავს.

2. 

ატმის ხესავით ამოდის მზე,
ატმის ხესავით იზრდება
და ატმებივით ისხამს სხივებს - 
ბუსუსიან და მკბენარა სხივებს, 
ისხამს სხივებში მოთამაშე ბავშვებს,
არილებს, 
ანარეკლებს, 
სხივის შუქზე გამეწამებულ ნისლიან თვალებს...
და როცა საბოლოოდ ამოიზრდება, გაიმართება,
მიებჯინება თავით ზეცის თაღს,
მოდის ბინდი ტყეებიდან
და ჭრის ატმის ხეს. 
უცებ არ ეცემა,
ნელ-ნელა გადმოქანდება,
ერთსაც გამოანათებს,
ერთსად გადმოაატმებს
თავის ტკბილ და ბუსუსიან სხივებს
და დაიწვება ატმის ხესავით,
მთების გადაღმა. 
და მზის კოცონთან ჩამოსხდებიან
ვარსკვლავ-ბავშვები, 
ღამე უყვება მათ ზღაპრებს,
ატმის ხეზე და გამეწამებულ ნისლიან თვალებზე. 

3.
უეცრად, ავტობუსში რომ 
იგრძნობ ბავშვობისდროინდელ
რაღაცის სურნელს. 
ჯერ რომ ვერ გაიხსენებ,
რას ჰქონდა ეს სუნი, 
რატომ გემშობლიურება. 
მერე უცებ ამოტივტივდება,
მოზაიკასავით აეწყობა თავისით -
მამის მანქანა, 
გაურკვეველი ხედები ფანჯრიდან,
უკანა ხედვის სარკე 
და სარკეზე მოქანავე - 
მანქანის სურნელოვანი ჩამოსაკიდი.
რომელ ქარებს გამოყვა,
რომელი სიოს ბილიკებით 
მოაღწია ამ ცივ
და ცხელ ქალაქამდე?
რომელ ფანჯრიდან შემონიავდა
ადუღებულ ავტობუსში,
რომ ჩემთვის გაეხსენებინა -
მამის მანქანა, სარკე
და გაურკვეველი ხედები ფანჯრიდან. 

4.
ხმა აქვს წვიმას,
ხმა აქვს ქარს, 
ხმა აქვს გულისცემას,
ჩვილი ბავშვის ძილს. 
დროს? 
საათის წიკწიკი? 
ეგრე ხომ წარსულსაც აქვს ხმა,
ამობეჭდილ ფოტოებს რომ ათვალიერებ,
ფოტოების ერთანეთზე გასმის შრიალი. 
ეგრე მომავალსაც ხომ აქვს ხმა,
ჯერ-არ-დაბადებული ბავშვისთვის
რომ კერავს დედა წინდებს, 
საკერავი ჩხირების ჩხაკა-ჩხუკის ხმა.
მაგრამ დროს? 
იქნებ მოხუცებს ესმით
დროის ხმა,
ფიქრიანები რომ ჩამოსხდებიან, 
გარინდულები
და მერე ცრემლი მოადგებათ ხოლმე.
რა ხმა აქვს ასეთი,
რა ტკბილი სიმღერა? 
ან ჩვენ რატომ არ გვესმის?
გაზაფხულის სამზევეთში 
გადაკარგულებს,
მთვარის ტბის პირას 
მოსეირნეებს. 

5.

გინახავთ
გაზაფხულის, გამარჯვების
და იმედის ფერი?
მოგისმენიათ გამარჯვებული
ლაშქრის სიმღერა? 
მალე-მამა მიდის ქუჩაში
და პარკით
ბავშვის პამპერსის მოლურჯო შეკვრას მიაქანავებს.
შუქნიშანზე გაჩერებული
მანქანების თვალწინ, 
შემოდგომადაწყებული
ხეების გასწვრივ,
მიაღიღინ-მიაქანავებს. 

6.

მე როგორც მსურდა
ვერც ერთხელ ვერ ვთქვი,
ხელში გამისხლტა 
თევზივით სულ და
გულდაწყვეტილი ჩავყურებ
თეთრ წყალს, 
ჭავლიც ნელ-ნელა ქრება
და გაქრა. 
ჩავყურებ, ვუსმენ
თეთრი წყლის დუმილს,
სანამ გახსლტება კვლავ თევზის
ზურგი
და კვლავ ვერცხლისფრად
აკაშკაშდება, 
ცა, ფანჯრისხედი და 
გრძელი ქუჩა,
სანამ ჩავავლებ ხელს და შევყვირებ
კვლავ სიხარულის ყიჟინას დავცემ
და როცა უკვე მეგონება რომ
დავიჭირე და დავისაკუთრე
კვლავ გამისხლტება როგორღაც, ტყაპ და
გაქრება წყლის თეთრ და გლუვ სიღრმეში
და ჭავლიც ქრება, ქრება და გაქრა. 


7.

მოვიკიდე ზურგჩანთა, 
გამოვაღე კარები.
-	უკვე მიდიხარ? - შეიცხადა 
მამიდამ.
არ გასულიყოს თითქოს ზაფხული, 
არ გამქრალიყოს თითქოს ბავშვობა,
არ იდგეს ხვატი სიყმაწვილისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი