მოდის შემოდგომა
მოდის შემოდგომა და მიდის ბავშვობა. გზაში ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ვეღარ ცნობს შემოდგომა, ანდაც რას იცნობს? გაზრდილა, ტანი აუყრია, დაქოჩრილა, სახე მზისგან გაშავებია, მხრებში მოხრილა, დაღონებულა, შემოჰფანტვია მეგობრები, თეთრი სიზმრების ღამეც იქ დარჩენია, მდინარის პირას, მაიკასავით. კვლავ მიაყარე შენი ფოთლები, ააცელქე, აათამაშე, ახალი წლის იმედებით ააცუნდრუკე, ანდა გზა მაინც მიასწავლე შენი უმცროსი, მწვანე-კაშნეიანი დისაკენ, რომ ოქროსფერი მინდვრების შუქში შევიდეს, როგორც ღრუბელი მეწამული მზის ლავაში. იქ იხასხასოს, იქ იცუნდრუკოს, სახეც გაუთეთრდეს, მხრებშიც გასწორდეს და დამივიწყოს - როგორც ცეცხლი, ღრუბელშერთულ კვამლს რომ ივიწყებს და ტკაცა-ტკუცის მხიარულ სიმღერას მღერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი