გაზაფხულის დინება
ამ სამყაროში რამდენი რამ გიზიდავს თავისკენ: ვარსკვლავი, მწვანე სკვერი, ლიმონათი, შატალო სკოლიდან, სამსახურიდან, ცხოვრებიდან. წარსული, მომავალზე არანაკლებ გამოუცნობი, ცვალებადი და იდუმალი რომ არის. რამდენი რამ ცდილობს გაგათავისიანოს, ან როგორ ავუხსნა ქალაქში, ორი ასფალტიანი გზის გამყოფ ზოლზე ჩარგულ ამ დეკორაციულ ყვავილს, რომ ვერ მოვწყვეტ თვალსასეიროდ. წავიდა ის დრო, ადამიანს რომ გუობდა ბუნება, და ადამიანიც იყო ბუნებრივი. ახლა დეკორაციების დროა, დეკორაციული ყვავილების, დეკორაციული სიმწვანის. ამ ყვავილების პატარა მინდორში რომ ჩავყვინთო, მეყოფა ჟანგბადი? მინდვრის ფსკერამდე რომ ჩავიდე, გაზაფხულის თბილ დინებებს რომ გავყვე დაკარგული ზღვებისკენ, სადაც წყლის სიღრმიდან ანათებენ ნამსხვრევები - ვერ-დაბრუნებული ბავშვობის, ვერ-ნათქვამი სიტყვების, ვერ-მოწყვეტილი ყვავილების... და მეწამულ ბინდში ბრწყინავს ცრემლ-ვარსკვლავი, გაყინული, უცო, უგალაქტიკო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი