ფაზლი
გაბრუებული და განწირული, ქარში ტრიალებს წვრილი ფოთოლი, ხე თავის ფესვებს ებღაუჭება და ვარსკვლავების წვრილ სხივებში ტოტებგახლართულს, თეთრი თოვლივით უბზინავს ქერქი. მიწის ქვევრში კი გაზაფხულის მწვანე მაჭარი დუღს, ისვრის შხეფებს - ფიჭვებს და ნაძვებს, და ქაფად გადმოსდის ბალახები. სადღაც სხვა დღეში, სხვა სიზმარში კი ჟანგიანი ლიანდაგებისკენ მიმავალ ორღობეში, ზამთრის ყვითელ, ერბოდ დამდნარ მზეში მიფრინავს ნელა ორი პეპელა. ფაზლი, სამი ელემენტი, შეაერთე, რა გამოვიდა? თქვი რად თამაშობ ამ უცნაურ, სევდიან თამაშს? ნუთუ არ გესმის კარსმომდგარი ქარების ზათქი? და უკვე ბავშვიც აღარა ხარ, ძმობილო, თანაც მამა ვხდებიო - არ ამბობდი - დღე-დღეზე აკი? ყვლაფერი კი, ჩემო თავო, იმის ბრალია, რომ შენმა თავმა მესამედი ცხოვრებისა უკვე გალია, ჯერ ვერც ცხოვრება და ვერც წერა ვერ უსწავლია, უნდა შეიძლო ან ცხოვრება, თუნდ წერაც დათმო, ანდაც დანებდე, დამორჩილდე და დაიმართო - მზის ჩუტყვავილამ ჭრელ დარდებად გამოგაყაროს, ყველა ვარსკვლავით გიყურებდეს სულში სამყარო, და რომ იღებდე ყოველ დილით ღრუბლების ფოსტებს, ქორფა ბალახის სუნი ქონდეს შენს საბანს, ფლოსტებს მდინარესავით ხმაურობდეს ონკანის წყალი, თუ მზე დუღს - დუღდე, თუ მთვარეა - შენც იყო მცხრალი, რომ ის პეპელაც შენს ძილშიაც შემოფარფატდეს ქუჩაში იგრძნო მაჭრის სუნი გამაბრუები, უშენ-ნერვებოდ ფოთოლიც კი სულს ვერ ღაფავდეს, და ჩუხჩუხებდენ შენს ძარღვებში მინდვრის რუები, შენს სტრიქონებშიც ახმაურდეს სუყველა წვიმა, და ყველა ქარმა ნაცრისფერი კვალი გაავლოს - შენს თეთრ ფურცელზე(ფურცლის ფერი რამ გააცივა? ოდესღაც თბილი, უქარებო და უტრამალო). მანამ კი ფაზლი - ნამყო, აწმყო, მყოფადი...გინდაც ასე თქვი - ყველა დრო, ქარები თუ უნისლობა. შეაერთე და ცას ახედე - ვარსკვლავებიდან გიმზერს ლურჯი და უბოლოო მარადისობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი