ვარსკვლავებამდე


ვარსკვლავებამდე

თ.ლ. - ს

თენდება, მაგრამ არ ჩანს სინათლე.
თენდება, მაგრამ ღამეა ისევ.
სამაგიეროდ მზის კვლავ ხილვამდე,
იმედის სხივი კაშკაშებს მზისებრ.

და თან სათქმელიც გროვდება უცებ
და როგორც წყალი, გასასვლელს ეძებს.
შენა ხარ ჩემი ჭერიც და ფუძეც,
მაგრამ რატომღაც არ ხარ ჩემს გვერდზე.

ქვრება შუქები და მიდის მთვარე,
თითქოს თავისას ვეღარ გაიტანს.
მე ისევ შენსკენ მიჭირავს თვალი
და ჩემს სიგიჟეს ვიწყებ თავიდან.

ყველა ხის ჩრდილში შენ დგახარ თამარ!
და ყველა ქუჩა იწყება შენით
და მე, ბავშვივით მორცხვსა და თამამს,
თმებზე მაყრია ოქროს ნაფშხვენი

ამომავალ მზის მეწამულ სხივის...
მე თითებს ვაჩვევ მწარე ნარ-ეკალს,
რომ გავარკვიო, იმად თუ ვღირვარ,
შენი სიცილის მძევალი მერქვას.

მაგრამ თენდება ძალიან მალე
და როგორც მუდამ, მგონია ახლაც,
რომ უკან მრჩება ცხოვრება, ამრევს
ამაზე ფიქრი და ამით დაღლა.

მე დიდხანს ვიყავ შენი მძებნელი.
გზები გავთელე, ვედავე ქარსაც.
სულმოუთქმელად შენს ნახვას ველი
ვით პატიმარი ციხიდან გასვლას

და ფიქრში ხშირად ვბრუნდები უკან,
შენი სახლისკენ მივდივართ ისევ
და ისევ ისე ბავშვივით ვცმუკავ,
ისევ ფეხს ვითრევ და ვმალავ მიზეზს

და ვნატრობ, ნეტავ გაგრძელდეს ეს გზა,
მაღლა, მთებამდე, თოვლი რომ ადევს
და მთების იქით, გასცდეს მთვარესაც
და არ დამთავრეს ვარსკვლავებამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი