მიძღვნა


თ.ლ. - ს

მე ახლა მივხვდი, თურმე ვცდებოდი
დღეებს, გამოჭრილს ერთნაირ თარგზე,
და გრძელ ღამეებს რომ არ ვმადლობდი
თურმე შენამდე მოვყავდი ამ გზებს

თურმე სულტყუილად ვაჩვევდი თვალებს
მარტოობის ცივ და უხმო კედლებს
და წარმოსახულ ცხოვრებით მთვრალმა
ხელის ჩაქნევა ტყუილად გავბედე

თურმე შენამდე მაძლებინებდნენ
ღამის ხეები და ვარსკლავები
და რაღაცეებნანახი უკვე
მაინც ბალღივით უცებ გავები

შენი გაშლილი თმების ბადეში
უცებ აინთო ღამის თაღები
და აციმციმდნენ იმედის შუქით
გზები, ქუჩები, ცა და ბაღები

შენ გიწინათგრძნო მთელმა სამყარომ
და მიმანიშნეს ღრუბლის გუნდებმა
რომ სიხარულის თეთრი ჩიტები
შენს წყნარ სიცილში დაიბუდებდა

თუმცა ორი დღე იქნება მხოლოდ
რაც გაგიცანი, არ გიცნობ თითქმის
მაგრამ ბავშვივით მიჩქროლავს გული
ცხელი ფიქრების გადამდის ხვითქი

და სულერთია ჩემთვისაც უკვე
დღე, წელიწადი და საუკუნე
გაუთენებელ დღეების ხმებით
იწვის ქალაქი, დუღს და გუგუნებს

თუმცა არ ვიცი რას ნიშნავს შენთვის
ღამე, სიჩუმე და გულის ფეთქვა
მაგრამ ვიცი რომ დამთავრდა უკვე
რასაც აქამდე ბავშვობა ერქვა

თავს ვიმართლებდი რითიც აქამდე
ჩემს სისულელეს ვნიღბავდი რითიც
და შენზე ფიქრი ამტკივდა უცებ
როგორაც ძილში დამწვარი თითი

უანგარობა ყოფილა ესეც
ერთი შეხედვით სურვილი თითქოს
როცა ვინმესგან ყველაფერს ელი
მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვ

მე მაინც ვერ ვთქვი ის, რაც მინდოდა
ვერც შენ გითხარი და ვერც ამ ფურცელს
და ყველაფერი რაც მიხაროდა
შენს დანახვაზე აფეთქდა უცებ

რომ ცხადი გახდეს, ერთანეთისთვის
ჯილდო ვართ თუ გზად შემხვედრი მგზავრი
ან ყველაფერი დამთავრდეს უმალ
დამანგრეველი ზათქით და ზარით

და რახან შევხვდით, რახან მოხვედი
ღვთის შეუცნობი ნება-განგებით
(ღმერთს ვთხოვ არავის არ მოკლებოდეს
ხმის გამცემი და კარის გამღები)

მე აღარ ველი, რასაც ველოდი
ან შენ რა იცი რომ გნატრობ ახლა
ნეტავ შეგეძლოს ჩემსავით ცქერა,
ჩემსავით ფიქრი, ჩემსავით დაღლა

და არ აღმოჩნდეს ესეც ვარსკლავის
უეცარული გაკრთომა ცაში
და შენი სახე, ტკბილი იარა
ისმოდეს მუდამ ჩემს გულის ხმაში

როგორც ბავშვობის ბოლო სიმღერა
დაულეველი ღელვა და თრთოლვა
და ვიდგე, როგორც მთები დგას ისე
შენით, შენს გამო, ამ მთების ტოლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი