ზაფხული


ჩამოცხა უკვე, მოდის ზაფხული
მაისურების ჩაცმის დრო არის.
წამოეზარდათ ხეებს ფოთლები
და ლურჯი ფერი დაიბრუნა ცამ. 
თოვლი მთებზეღა შემორჩა მხოლოდ.
ნაყინებს ჭამენ ბავშვები, ცხელა. 
„ივნისის ბოლოს ავიღებ მარი
შვებულებას და სადმე წავიდეთ“
„წინა წელს ზღვაზე სულ არ ვყოფილვარ
წელს მაინც ჩავალ, მომენატრა ზღვა“.
ასფალტი ხურს და ჩიტების ჭიკჭიკს
უსმენს დარაჯი და მეეზოვე
და მანქანაში კონდინციონერს
რთავს ალექსანდრე, სანამ დაქოქავს.
ცხელა. „ბავშვობის მერე ვნატრობდი
თუშეთის ნახვას, მართლა მაგარი...“
„ყოფილა....თურმე მართლა ყოფილა
ეგეთი მღვიმე, სადღაც, სოხუმთან
თუ უფრო იქით....“ „ზღვა მაინც სხვაა“
„მთა მირჩევნია!“, „ბებო აღარ მყავს
ნათესავები შემომრჩა მარტო“
ფასდაკლებები, ტურები, გზები
ჩემპიონატი, მსოფლიო. „ერაყს
ისევ ბომბავენ....თუ ეგ სირია
იყო, რა ვიცი“, „სულ გააფრინეს
60 დოლარად ერთი ღამეო“ 
ტურისტების ზღვა. ზღვა, თოლიები.
თურქეთის დროშა. ვიღაცა ცეკვავს. 
ვიღაცა მღერის. „ეს არჩევნებიც
მოგვიახლვოდა....“, „იწვის ქალაქი“.
„ან ბრაზილია, ან ესპანეთი“
„მე კი მგონია პორტუგალია“
„სად მარადონა და სად რონალდუ“
„ზურას ნომერი არ იცით ვინმემ?“
„ღამით იმ ბარში არ შევიაროთ?“
„კრემის გარეშე ზღვაზე წამოსვლა
არ შეიძლება, წინა წელს გახსოვს?....“
„გამოვიაროთ წასვლამდე კიდე“
„აჭარულები არ ვჭამოთ ხვალე?“
„ცივი ლუდი რას გაასწორებდა!“
„ხვალ მიმთავრდება მე შვებულება“
„მოდი ვუყუროთ როგორ ჩავა მზე“
„და გაისადაც აქ ჩამოვიდეთ“
„ბავშვებს სკოლისთვის უნდა ვუყიდო...
როგორი ძვირი ღირს ეს წიგნები.“
„ცეკვაზე მინდა რომ შევიყვანო“
„იქით წელს მაინც ავალ სოფელში“
„საყიდელი მაქ რამე ჟილეტი
არც ძაან სქელი, საშემოდგომო“.
„ხვალე სკოლაში წავიყვან ბავშვებს“
„ახალ სამსახურს ვიწყებ ხვალიდან“
„აცივდა უკვე....თბილად ჩაიცვი“
„ბრუნდება ხალხი ქალაქში უკვე"
„ადრე ღამდება, მოიკლო დღემაც“
„წინ გველის მძიმე, ცივი ზამთარი".
შეყვითლებიათ ხეებს ფოთლები
დაკარგა ძალა მზემ და ხშირად წვიმს.
კარალიოკებს ჭამენ ბავშვები.
თბილი ჯემპრების ჩაცმის დრო არის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი