ქარი
ახლა ღამეა — სამარისებრი, და ქარი იშვა, როგორც ოცნება: ქარი — ობოლი, როგორც სამოთხე, ქარი — უკვდავი და პოეზია. პოეტობს ქარი, როგორც სიზმარი, მეფედ ასული ბუნების ტახტზე; და ელავს მასში, გადახატული — ჩემი ოცნების ფერთა სიმრავლე. დე, გამასვენოს ქარმა ფოთლებად, ვით შემოდგომის დღეებს — ზამთარი... ოღონდ დამირჩეს მძაფრ მოგონებად — ქარი — ამ ღამის დაუვიწყარი! პოეტობს ქარი, როგორც სიზმარი, მეფედ ასული ბუნების ტახტზე; და კვდება მასში დაუძინარი — ოცნება შორი, როგორც წარსული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი