პოეტი ავდარში
წვიმს ისე, თითქოს ზეცაში დიდ ღმერთს კოკა "შემთხვევით" წაუქცევია და ამ ღამეში ღრმად ჩაფიქრებულს ეს, ალბათ, არც კი "შეუმჩნევია". თქეში ასველებს ირგვლივ გარემოს და სიბნელეში ბორგავს მდინარე, თითქოს აპირებს ქვეყნის წალეკვას, თითქოს შესძულდა მას არემარე. ავად მოშხუის შავი მდინარე და მოაგორებს ვეება ტალღებს, მთელი დღე-ღამის ნააავდრალი მოღელავს შმაგად ჩამომდინარე. ამ სიბნელეში და ამ წვიმაში გზას მიუყვება ნელა პოეტი, არც წვიმას უფრთხის, აღარც სიბნელეს და მიაბიჯებს ვით მთვარეული. უცებ შეჩერდა და გამოერკვა, თვალი მოავლო ზანტად გარემოს, უკვე მოვსულვარ, ჩაიჩურჩულა, ქოხმახის კარი ნელა შეაღო. ბნელი ოთახი შემოეგება, არც კი უცდია სანთლის ანთება, მიუახლოვდა იქვე მიდგმულ ტახტს და გაუხდელად ზედ მიესვენა. დაღლილ, დაქანცულს, მშიერ და მწყურვალს ძილი უჩუმრად წამოეპარა და ვერც კი მიხვდა მისმა ფიქრებმა სიზმარში როგორ გადაინაცვლა. ამომავალი მზის სუსტმა სხივმა ხის კენწეროებს გადმოუარა, დილის სინათლემ ბინდი გაჰკვეთა გარემო უცებ გააჩირაღდნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი