სველი ზღარბები
გამთენიისას ამიტირა წვიმამ პალმები, დალახვროს ღმერთმა, არ მინდოდა წვიმა სრულებით, მიბაჯბაჯებენ ბინებისკენ სველი ზღარბები... ძილგატეხილი, უწყინარი ღამის მდგმურები. მე საით, ვისკენ, რომელ ქუჩას უნდა დავადგე, ვის დავუტოვო სანაპირო ბაღის სიმშვიდე, არ გამოვიდა, ჩემებურად ვერ ვითამადე, ქეიფი ჩაქრა, ვიდრე გულებს გადამიშლიდნენ. ელვა ანათებს გაღმა სერებს, ექვსი დაიწყო, ძინავს ქალაქს და ჩაძირულა ნისლში ზღვისპირი. მოვალ და გეტყვი - ისევ დავთვერ, ვითომ რა იყო, დავთვერ და ყრმობას, ჩვენს სიყვარულს ისევ მივტირი... არ გამოვიდა კაი საქმე ღვინის გარეშე, ქართული ღვინო... მის დამწურავს ვენაცვალები, ცხრამეტი კაცის სიყვარული მოვითარეშე, ავები არა, გულკეთილი მიყვარს მთვრალები. რაღა ამაღამ ამიტირა წვიმამ პალმები, დალახვროს ღმერთმა, არ მინდოდა წვიმა სრულებით, მოვდივარ შენსკენ, საყვარელო, სველი ზღარბივით, ამავსე ცრემლით, უძილობით, საყვედურებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი