შენს ცაზე ლაღად ...


აჭარისწყალი,
ხეობა ვიწრო,
მეც ამ ხეობის რძით მიდგას სული,
მთა მანდილივით ნისლს გადაიძრობს
და იწმინდება
მთასავით გული.

გავცილდი ქედას,
წიფელს ნაძვი ცვლის,
ნაძვს _ შეფენილი ჭალა-ყანები,
ვგრძნობ, სიყვარულის ცეცხლით გადვიწვი,
არც მკერდზე კოცნა და არც თაყვანი.

ასე უბრალოდ
ვუცქერ და ვტკბები,
ასე ყოველდღე შვილს ეტრფის მამა...
გაუხიზნია ვაზიც და სკებიც
წინაპარს ჩემსას, გულადს და მამაცს.

ეს იყო უწინ,
გათავდა ლოცვა,
შენს ცაზე ლაღად ფრენენ მტრედები,
დალოცვილი ხარ შვილთა სიმრავლით
და საქართველოს ეიმედები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი