გადაგერჩინოთ გვარის გვირგვინი
ვუძღვნი იმერხეველ ქართველებს რა კარგები ხართ, რა საყვარლები, ასე ამაყად თავი გეჭიროთ, გადაგერჩინოთ ენა ქართული და ქართველობა გადაგერჩინოთ. როგორ გიხდებათ სიტყვა-პასუხი, როგორ იმშვენებთ მზერას ზნეკეთილს, ეგეთი მახსოვს ჩვენი პაპები და დიდედებიც მახსოვს ეგეთი. თქვენნაირები არ მოდრკებიან, არ ღალატობენ მამულს მარჩენალს, თქვენ ასარჩევად არ გქონდათ მიწა და არც გიცდიათ მიწის არჩევა. აქ დაიბადეთ, აქვე მოკვდებით, აქ იცხოვრებენ თქვენი შვილებიც, არ ეცილებით ოქროს არავის და არც სამშობლოს არ ეცილებით. მიყვარხართ ძლიერ, თქვენმა სილაღემ მზეც მოხიბლა და მთვარეც მოხიბლა, მოგიკლავთ დარდი, როგორც დუშმანი და სიბოროტეც ბევრჯერ მოგიკლავთ. რა კარგები ხართ, რა საყვარლები, როგორ იმშვენებთ მზერას ზნეკეთილს, ეგეთი მახსოვს ჩვენი პაპები და დიდედებიც მახსოვს ეგეთი. თქვენნაირები არ მოდრკებიან, ასე ამაყად თავი გეჭიროთ, გადაგერჩინოთ ენა რუსთველის და ქართველობა გადაგერჩინოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი