გაზაფხული


ჩამოდნა, ჩამოილია
თოვლი ქმარმოკლულ ქალივით,
შემოგოგმანდა აპრილი
ტყემლების ფერუმარილით.

ჩიტებმა გამოზამთრება
ერთმანეთს სტვენით ახარეს
და სიხარულის ცრემლები
სველ მიწას გადმოაყარეს.

პეპლები ფერადკოპლება
ყვავილზე ნაზად სხდებიან,
ცეცხლს უკიდებენ ცის წიაღს,
ვარდის სურნელით თვრებიან.

ამობიბინდა ბალახი,
გამოხალისდა გზა-შარა,
სკა აზუზუნდა, ფუტკარმა
ჯაფისთვის ფრთები გაშალა.

გამოეფინა ნახირი
ეჟვნების აჟღარუნებით,
ველ-მინდვრებს ალამაზებენ
ბოჩოლები და ფურები.

მთას და ბარს ზამთარგამოვლილს
სულ სხვა ხიბლი და ფერი აქვს...
მღერიან გოგო-ბიჭები,
ემღერებათ და მღერიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი