ტრაგედია სამსონისა
ვაჟსა ისრაელთა გვარის, ანგელოზთა კურთხევითა, მხარ-ბეჭი აქვს უხვი ხარის, თავთ თმა ლომთ ფაფარი ვითა. მტრის ჯინაზე, დანის ტომად, მშობელთ გულთა გასახარად, ერის მთავრად და ღვთის მონად იგი იდგა კლდედ და ფარად. მხეცთ და ნადირთ მრავლად მფრთხობელს, თავის ხალხთა გულთა მფლობელს, ქალთა ალერსის აქვს ლტოლვა - ამწუხრებს ეს მოხუც მშობელს. სტუმრად მტრისაკენ ასულმა, აყოლილმა ვნებას გულის, მზერა მიიპყრო ასულმა, უმზერს და გარშემო უვლის. მტრებმა უმალ ეს შეიტყვნენ, ვისაც შური სისხლს უწამლავს, სატრფო მისი მოისყიდნენ, რომ გაიგონ, რას უმალავს. სურვილ-წადილთ ასრულებით ქალმა სიტყვა გამოსტყუა, გაუმხილა მტერს სრულებით - ტრფობასაც კი მართებს ჭკუა. ღვთისგან მიუღია დება, თმათ ჰქონია მისი ჯანი: თუ შეიჭრის - დასუსტდება, უძლურად შეიქმნის ტანი. დააძინა მის კალთაში ცბიერებით მტერთა ქალმა, ცალი ხელი წვდა მას თავში და უგონოს თმა ჭრა ცალმა. გამოასალმეს მშობელსა, დაკარგა ღმერთი დიადი, მიენდო უცხო ტომელსა - თვალთ ჩამოუდგა წყვდიადი. მიჰყავთ საზეიმოდ მტერი, ისა, ვინც მათ შიშსა ღვრიდა, ახლა რომ არს ვით ბოკვერი, წინად ლომთა სისხლსა ღვრიდა. ღმერთსა შესძახა უძლურმა: მომეც, მიბოძე მხნეობა, როგორ აიტანოს გულმა მტრისა ჩემზედა მძლეობა?! მისი თხოვნა შეისმინა, მიუტევა, აპატია, გაძლიერდა, როგორც წინად - ღმერთსა ღმერთი მიტომ ჰქვია. ჰკრა სვეტებსა იმ ტაძარში, სადაც ზეიმობდა მტერი, არ დატოვა ცოცხლად გვარში არც ჭაბუკი, არცა ბერი. ვითარცა გმირსა შეჰფერის, ეს გმირიც ისე წავიდა, და გაისმა გლოვა ერის, და გლოვა ცამდე ავიდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი