კარცერ-ლექსი
მივიწყებულ საყუდრის, ჟამის თანამწირველად, გულის მეტრონომივით წვეთავს ყინვის ლოლუა, ისე უნდა გიყვარდეს, როგორც თავდაპირველად, - ისე წერდე, თითქოსდა ეს ტაეპიც ბოლოა... ლპება ნაგავსაყრელი, ვით ქალაქის არქივი... არყის ბოთლით გამოდის მესაფლავე გივია, აქ არავინ უარგყოფს და მამალიც არ ყივის, - მხოლოდ დახავსებული იმედები ყივიან... და მზის ხმაურს აყუჩებს აღსარება რიონის, (...სულ ვიცოდი, ბინულიც რად მონათლა "ძირულად"...) ვინაც თითით ამოწმებს საკვრელებს ორიონის, და ჯალათზეც იღვაწა ძმაზე თავგანწირულად; ვინც წინასწარ იცოდა, ჩინითა და ჯინჯილით ჯვარს რომ დაამძიმებდა მოსეირე ელიტა!.. მუდამ ისე ვლოცულობ, როგორც სიკვდილმისჯილი, - თითქოს ქანი მეკლდეურს გამოსცლოდეს ხელიდან... სულ არჩევდა ცაიტნოტს და ვუტევდით შავებით... ბოლოს, ვიცი, დაკარგულ ღმრთისმშობლის ცრემლს მომიტან, - ქვეყნის დაბადებამდე უცდელად რომ ჩავებით, - მისი წმინდა სახელით მოგებული ომიდან... 13. 02. 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი