ოცდაჩვიდმეტიანები
- ღმერთი ეგონა თავი, სანამ გადავბელავდი,- ამწვარ კოპიტზე მეუბნება დიდი ოტია, - ასე ჩრდილავდა უფლის ვენახს ყველა "ბელადი," - უწიგნურია თუ ნაკითხი იდიოტია... ასე დასჯიან ყველა მტარვალს, წითელ ფარაონს, და მათთან ერთად ვინც დაცალა სისხლის მათარა, კვლავ დრაკონის ცეცხლს ვინც უბერავს ახლა მარაოს და მიწას ისევ ჯოჯოხეთი გამოატარა... ტყის გაჩეხვაში მუდამ ფლორის ტოტი ერია, მამონას მონა კვლავ არიგებს ოქროს მონეტებს, ყველა მართალი სადაც ისევ ხალხის "მტერია," და მხსნელის ადლით ადიდებენ მარიონეტებს. ღვთის შვილი მაინც აშინებდათ წითელ "ტროიკებს," - ჯალათს ირჩევდნენ ასროლილი რკინის მონეტით, გვირაბში, სადაც ნელ ჯურღმულთან ისევ დრო იგებს, შექსპირის თითქმის დემონური რიცხვის სონეტით... და ახლაც გმირთა და წმინდანთა მკვლელებს აქებენ, სულ მოელოდა ახალ "ბელადს" მასა პირღია, ცამ განიკითხოს შენი კრემლი, შენი "კაგებე," და ის "ნუგეშიც" მართალთ სისხლში რაც აგიღია! 25. 06. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი