ლექსების კრებულზე "შამარირა" |ერეკლე საღლიანს|


"ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი"
და ვინ იტვირთა მამის ხატება, -
მისი ტაბლიდან გადმოცვენილი
ვარსკვლავთა ახლად ალალცხატება?! 
...
რას გაიღებდი ახლა სანაცვლოდ,
რომ არ დაენდე მის ხელს ბოლომდი, -
ასე, უდაფნოდ და უსავარძლოდ,
ქუჯის თათბირზე რომ გაჰყოლოდი?!

ან და, ანდერძი რომ დაგეწერა, -
გადაგელახა წარსულის სერი, -
ფიცისგამტეხი მეფე-ძმის მზერა
რომ გაგეხანჯლა მახვშური მზერით...

რომ ამოგეცნო ადრე ვაჭარი, -
იმ სპასალარში, ვინც დრო იხელთა...
მკვდრეთით აღმდგარი სანიგთა ჯარით
რომ დამდგარიყავ ახალციხელთან?!.

თუმც ღვაწლი გვიწევს მტვერს და ნაცარში,
(გული სარწმუნოს მისით ენდობა...) 
ფარულ მოწაფედ ყოფნა ტაძარში
და სამშობლოში დისიდენტობა; -

მაინც ახერხებ, რწმენის ამარა,
მოწყალის ჩანგით უწრფელეს ღიღინს,
მოუსყიდავი ერისმთავარი, -
ხომ, ყველამ ვიცით, სიცოცხლედ გიღირს!

და, იმ ერთ დღესაც ცის სარქველს ახდის,
ლემშუანიერა, გულის ხარაჯით, -
იბერთა მოდგმის საუფლო ტახტის, -
ჭირისუფალი, მნე და დარაჯი...

31.01.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი