ზებრა


ქალაქი სადაც იშვა „გვირილობა,“ -
მოხდენილ ფრაზების მეფრაზე...
(გაგიკვირდება და, ამ ბოლო დროს, 
ძაღლები გადადიან ზებრაზე...)

გაგიკვირდება და, აღარ უკვირთ
ბულვარში ურდოობით რომ თვრები,
ხალხის რომ მიწყდება ლაპარაკი,
სტროფებს გთავაზობენ ფოთლები...

სიჩუმეს ახლა უფრო ვეტანები,
როგორც ბაღისკიდის ბებრები,
ზებრაზე გადმოდიან ნესტანები,
(ვაიიი! - რას უძლებენ ზებრები...)

ძეგლიზა რაფერ ეტყვის, ბეჩა, უარს,
ბატონ მიტროფანე ლაღიძეს?! -
ნაბახუსევს გულგრილად ვერ ჩაუარს, -
წყურვილი სინდისსაც აღვიძებს...

ვიცნობ ამ ქალაქის ნათლისმცემელს,
არსად არ წონიან წამებს ასე,
ეს გზაც მუდამ იყო მჭედლიძის და
მარად გადიოდა წამებაზე...

თვალი მაინც სიბრძნით მოგვარიდა...
მეობის და მრწამსის მოტარებით, -
ცხოვრობს ის "სამივე ოთარი" და
ყველა დანარჩენი ოთარები!..

იმ სულს ვეღარაფრით იმონებენ, -
(ცაში კვლავ ხიშტების პიკეტია...)
რადგან ყველას გვერქვა სიმონები, -
მარტო ერთი გვყავდა "ბიკენტია..."

მიყვარს როცა ცაში მზე ბრაა და
მიყვარს სტრიქონები, უცებ როა...
თითქოს ეს სტროფებიც ზებრაა და
შენკენ ქუჩა ისევ უზებროა...

ღვლარჭნის სქელ გისოსებს ქარიანი
წლები, - ბნელ საკანში განახაზი,
როგორც კოლია ქვარიანი -
სიყრმის გულისსწორის დანახვაზე...

თენდება და მთვარე მალე ჩავა,
აბა! -
საღამომდე! -
დავითესეთ!
რომ არ მოეჩვენოთ თეთრი შავად,
მუდამ ასე ვწერდით, -
შავით - თეთრზე...

21.08.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი