რწმენა მეკლდეური |პიკს მხოლოდ მოკლე ნაბიჯი აღწევს| მიხეილ ჩხუმლიანის (ხერგიანის) ხსოვნას
ვალტასარის მიცავს ქარტა, მნებდებიან ანდები; უბადრუკი მიწა ხარ და ცასთან ერთიანდები... არ დაშრიტო თვალთა უპე, - სინანულმა სულ ალტოს, - ვიდრე სულით გადაუფრენ უშბასა და სუ-ალტოს! ვეფხის ბრჭყალზე ილეოდა ბწკარი ბოლო მითების, კლდესმომწყდარი ლილეო და გმინვა დოლომიტების... კვლავ მოზარეს ჰგვანან მხედრებს დაღვრემილი ალპები; მთა მთას თუ ვერ შეახვედრე, - იღბალივით დალპები... მაჯით გიცნეს როგორც ფარეზ, თაბორის ჩქამს მოდენი, ჴჳმირს ქვეშეც ვერ დაგფარეს, - მდოგვის მარცვლის ოდენი. გრიგალს ახშობს ლოცვის სიო, ზვავს უწოდებს ლაწირაკს, მოაშურებ კავკასიონს, - თუ სიონი გაგწირავს... სიყვარულიც ჰგავს გოლგოთას, - დაგაღვინე მაჭარო!.. სად დიუნა სცემდა ბოლთას, - დავდგით კილიმანჯარო... ჩიჩერონეს დაა ჩერო, ქარით ვმწყემსავთ ბარხანებს; სხვა არავის დააჯერო, - მწყემსი არ დაახანებს!.. მასისითგან წარღვნის წყალი ცისარტყელით დარაზე, მიწის ბურთი, - ეს საწყალი, დაჰკიდე არარაზე; - სად ბორცვებზე ხტომით მორბის მეტრფე თავდავიწყება, განახლდება სიმხნე ორბის და თავიდან იწყება; - რომ მოწმობის სჭამო ლუკმა... (და დადუმდეს ჰესტია!) ეგ სიმდაბლის ჯომოლუნგმა, - ანუ ევერესტია... 04.07.2019. მესტია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი