Remedia Amoris


"უკვდავების აედი",
"მზის ქალაქის" იდეა,
"ყვავილთ მესსა — მედეა"
და "წყურვილი ზეცამდე"...
ხელთუქმნელი კარედი —
თორმეტი ბჭის რიდეა.
ეს ბჭე მეცამეტეა,
და რამდენი ვეცადე —

შეგშრობოდა, უმანკო,
სიწრფოება პირველი...
მე კი, — როგორც საული
დამასკოდან წავიდა...
ოღონდაც არ უარყო
ხილვა და საკვირველი —
ყოფნის დღესასწაულის
გაგრძელება თავიდან.

ქარი და იარება
აყუჩებენ ხასიათს...
მთელი ღამე ბორგავდა —
ღამე, გარსი ღვთაების,
რადგან აღიარება
მიცვალების მსგავსია:
ვით გარსია ლორკა და
დახვრეტილი ტაეპი...

არ სდევს სხვა რამ იდეალს,
მისთვის არც რამ წესია —
უსაზღვრობის რვეული,
დასასრულის სამანი...
როგორც ზევსში — ფიდეას,
და სოფელში — მესია,
ტრფობა გარდარეული
ვერ ეტევა,
დამაინც -

არ ეშვება აქლემით
ნემსის ყუნწში ხეტიალს —
ეს ქვა, მართლა გულია,
თუ გოდების კედელი!
რაც ტრფობაზე ნაკლები
და რწმენაზე მეტია,
თუმცა განწირულია,
ვით ჰურია ხეთელი...

გენიოსთა წინაშე
თავს შეშლილად ასაღებს,
უწინ რეცეპტს ჰყიდიდა
თაბორული ამბორის.
და დაეძებს "სენაში"
გადაგდებულ გასაღებს —
"პონ დე ზ არტის" ხიდიდან,
Remedia amoris...

13.12.2019.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი