Via Dolorosa


ხმები, ხმები მარადი, ჩუმი, როგორც ნუგეში,
ეთხოვება ცის ბილიკს, მრუდეს და ნარ-ეკლიანს,
მზერას რაც იზიდავდა წუთისოფლის წუმპეში,
ფრთეთა ირაოა და ზეცის ანარეკლია...

არაცდენა სასმისის, ლმობა გარდაუვალი,
(ერთი გამოძინება მეგობრებმაც მოასწრეს...)
ხმათა უმრავლესობით ვით ჯვარცმული უფალი,
ავაზაკში დაეძებს ნაცნობ თანამოაზრეს...

მინდა ახლა სიყრუეს ერქვას გულის ახელა,
მასაც ნაძალადევი გაღიმება უფრო სძულს,
ისტორიულ სიბრმავეს ალღო ერქვას სახელად, -
დურგლის შვილში რომ სჭვრეტდა სატარიგე უფლისწულს.

...

ბგერათ კრიალოსანი დაწყდა და დაიფანტა, 
გაფრენილი სარკმლიდან მოიარა სულეთი,
ნამთვრალევი გენია ვიდრე ხელ-პირს იბანდა
და ცრემლების "სულორი" გახდებოდა სულერთი...

05.10.2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი