იბერიის ცისკარი
გააღვიძებს უფსკრულის უაპრილო ნაპრალებს, სადაც სული ებრძოდა ცეცხლის ბოლო მობიდანს, მივიწყებულ საფლავში ვინც სიცოცხლეს მაბრალებს და ამძაფრებს მოლოდინს უხმო უზომობიდან. ვით კუმრანის ბიცობზე კიპარისის ჩითილი, - ზედ განტოტვილ კოსმოსის უსასრულო ფუღურო, როგორც ელშადაის და იაკობის ჭიდილი, - გველის თავზე იდგე და ღმერთს თვალებში უყურო... და თვალებად ქცეული ღამეული ლაბადა, იყოს აღორძინება, მისგან სულით ნაშობის, ვინაც სისხლის ეს ბადე ბრძოლის ველზე დაბადა და ამ ომში გვათრობდნენ "ბედნიერი ბავშვობით." და ამ ომში მბორკავდა მხოლოდ ერთი მაგია, არა გზასრულ ოდისევსს, როგორც ნიმფა-კალიფსო, გზა და აპოკალიფსი შენი ამხანაგია და არ არის საშველი, სხვა, უაპოკალიფსო... შეაშფოთებს გვირგვინი მწუხრის ყველა კართაგენს, ჩრდილოეთის ზოდიაც ხამს მახვილით ვიარო... შევაგროვებ ელჭექის ცრემლებს ოთხთა ქართაგან, რომ თვით გლოვის სასახლე გახდეს სამგლოვიარო. სად მოლოდინს ავუგე მღვიძარების კელია, - მწუხარებას ვიქარვებ უკვე აღარც ბოჰემით, ოთხი ათასწლეული სადაც აღარც გელიან და შენს წისქვილს აბრუნებს წლები მეამბოხენი... 28. 01. 2025.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი