ემაოსის გზაზე
იბერიის გული და წინაპართა ძირები ელეონის ხელახალ გაელვებას ელიან, მერე რა, რომ ეს ენა, განგებ დანამცირები, ბაბილონის გოდოლზე უფრო ძველისძველია?! რაა მიჯნურთ შეხვედრაც, ბოლო ზღვარზე იობის, თუ ზვარაკად არ დაგწვავს სიყვარული თავნება?! - მერე რა, რომ წყვდიადშიც, ამგვარ ლიტანიობის ვნებას ვერ დააჩოქებს სოფლის ამპარტავნება? მერე რა, რომ შენ გესმის ზარი ძველი ჰურების?! მერე რა, რომ ცის სასძლოს ანაცვალე ცერერა?!. მერე რა, რომ გდევნიან ახლა შინაურებიც?! მერე რა, რომ კვდები და მერე რა, რომ "მერე რა"?!. უცნაური მეგზურის ნართაული ჰანგები კვლავ არ ააკანდელებს განა გულს, და განა - გონს?! მერე რა, რომ ელ-როის იდუმალი განგებით, ვარსკვლავებით ვაგნებდით იგავებად განაგონს?!. მოწყენილი იგონებ, მზეს ისხამდა მტევნებად, რკინის ჯვარზე ნამყენი ნინოს ვაზის ლერწები; ხელაღპყრობა მოლოდინს კიდე ბევრჯერ ევნება, სიხარულის კალოზე ვიდრე გაილეწები!.. შერცხვა გაორებული კლერიკალთა პლეადა... ფუფუნეულთ მსგავსებას ჩვენც ამაოდ ვეცადეთ, და შორეულ, წარმართთა, გულის გალილეადან, რა ახლოს ხარ ღმერთო და რა უბრალო ზეცამდე... 17.05.2020.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი