წყურვილი ზეცამდე


ჰბურავს ქარვათა მუხტი -
ანგელოსების რაბათს,
თუმცა მადლობას ვუხდი,
ვერ აღვწერ ვის და რადაც...

ხომ კვლავ აღდგომას ნიშნავს,
მიცვალებულთა ეს მზე,
ლოცვად რომ ადგას ნიშას
ცით, საფსალმუნე რქებზე; -

რომ თავგანწირვა ლაღი
მოჰგავს ფრთოსათა ადათს,
რომ მენატრება ბაღი,
ჯერ არ ვყოფილვარ სადაც?!.

რად გიწვევს ასე ან კი,
ზეშთა მდუმარე ჟღერაც,
სტიქარონების ჰანგი
ხომ არ გსმენის ჯერაც?!

ცად მივის დაკარგული
მზეში გამჭოლი ქორდა,
დევს საპირწონედ გული,
ბავშვობაში რომ მქონდა...

ტყე-ტყე მგელივით ძუნძულს,
სჯობს ყური უგდო ჭილყვავს: -
უარყოფისთვის თუ გძულს,
თურმე ნამდვილად გიყვარს!..

ვფიქრობ რაც უფრო  ცოტას,
მამღვრევს სასანთლე მქრალი,
და ვინანიებ ცოდვას -
რისიც ვერ მიტანს ბრალი: -

რომ ვდევთ ამ სოფელს უფრო
წუთის სავალზე მოკლეს,
რომ ზაკვით წველეს ოქრო,
და მაცხოვარი მოჰკლეს!..
...

დიდად არ დაახანებს,
გვმოსავს შენდობის დიბას,
მნათობთა მწიფე ყანებს
ახალი მთვარით თიბავს...

ცა როს ზალპებით დაცლის,
ააპრილებულ ქვიშნას,
ხნულში ჩაკლული მარცვლის,
აღორძინებას ნიშნავს!..


29. 07. 2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი