გვიანი ლექსი


(ბაღისკიდელის სიმღერა)

პასტა-ფურცელი, მჭვარტლის ცომი, ლამფა, ნავთქურა, -
მოგონებები წამეკიდნენ, განა მდგმურები...
შენმა სახებამ არაერთხელ გამანადგურა
და მოქუფრულა ხელახალი განადგურებით;

რომ, სხივთა კდემა, ქარიშხლებით გვემულ ყვავილის, -
მზის სასახლეში გვიან, მაგრამ მაინც მისულა,
რომ, როცა ჯვარცმა-აღმაფრენის წლები ჩაივლის, -
მერე იწყება ამღერება ქუთაისურად. 

და შობის მთვარე - ცის ხილვებით სავსე გიდელი, -
იგავით მორთავს გადაფიფქულ ყინვის კანდელებს,
და, ძველი გრძნობა, როგორც ძველი ბაღისკიდელი, -
მორიგ ღამეებს შენს სარკმელთან გადაათენებს.

მე ისევ მათბობს მწველ ზამთართა თეთრი მაუდი...
შენ კი ავდრებზე გიყვებოდა საგას რადიო,
თუმცა, ვინა თქვა, რომ სიყვარულს ყავლი გაუდის, -
გულს არ ღებულობს აღარცერთი "საგარანტიო"...

1998.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი