ნეგატივები


"პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია."
                                                             /ბალზაკი/

უძლურებამ შეავსო ღამეული მუდარა,
რიტმიული დუმილი ჩემი ლექსიკონია,
უხმო გარდაცვალება და უგვამო სუდარა,
ვის მარტოდენ სიკვდილი, ანდა ლექსი ჰგონია...

მჭირდა უძილობა და სულიერი აპნოე,
სულის ნეგატივებიც იგივეა რაც ხატი,
როგორ შეძლებ არ იყო, ბრბოში, მეუდაბნოე
და არ გერქვას სალოსი, ანდა შეურაცხადი...

სიკაშკაშე - პირიქით და ჩრდილები აღელვებს, 
რადგან ტანჯვით გაცხადდა საბოლოო ხარება,
მიეფარა ეს სული გენიოსთა სახელებს, -
ვით ზენაარს სჩვევია ღრუბლებს ამოფარება.

ასე ნელა შენდება ქვით-კირიდან ქვით-ხურო...
პავლეს სულზე გამჟღავნდა უარყოფა პეტრესი...
ზოგჯერ გულის კარებიც უნდა გამოიხურო,
რომ გარედან იხილო წყვდიადი უთეთრესი...

გაავდრების ცდომილებს უარყოფით ელიან,
კაეშანით შევიცან დაკარგული მნათობი,
უსასრულო სიკეთე მარად ცარიელია
და საოცრად ცხადია სოფლის მუხანათობით. 

და, დავკრძალე იქ სხვა "მე," უარყოფით ვნებული,
ცოცხლად დასამარება სულ ეგონა გართობა,
აშინებდა მარადის "არა," - გამჟღავნებული
და უნეგატივობა, ვინემ უსურათობა...

სულ მიკვირდა სამშობლოს სამშობლოდან ოტებაც,
მზის ღიმილმა ჩააქრო ნიფური და ლაგაში...
ახლა, ვიცი, სათნოა ჩემი გაბოროტება,
და თვით ღმერთი ინათებს სიყვარულის ლაქაში...

16.07.2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი