συνεργία


ვიცი ღვთისკაცი, ეული,
ყალბი ერთობის ელიტაც,
ვნახე ლაშქარი ძლეული,
უბირი კაცის ხელითაც.

ცას სწვდება ალვა, რტოებით,
საცა ზეკარი იწყება,
"...დგას ერი განმარტოებით, -
ხალხებში არ ირიცხება..."

ვით მონას მეფის ასული
უყვარდა და ვერ კოცნიდა,
ვნახე სამეფო დაცული
ერთი ცოდვილის ლოცვითაც.

ჰნათობს ვარსკვლავი, ცხებული, -
ქვეყანა ვინც გააცისა,
იგავი, "...დანარცხებული, -
მაგრამ თვალღია კაცისა..."

მოწყდნენ მახვილის ქნევაში
ძაღლიკაცა და მგელიკაც...
ღმერთს შეუძლია რევანში
ერთი გლახაკის ხელითაც!

15.07.2014.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი