საშინელი სიზმარი
(არასასაცილო ლექსი) წუხელ, სიზმრად, ქუთაისში ვბრუნდებოდი კომიდან, ბალახვანში ესპანელებს გაემართათ კორიდა. ჭომას, შეიხების "სხოდკა," ისეც თავ-პირ შავები, ნაჩილიმარ-ნაფუტარი ტრანსში აბირჟავებდნენ... წერეთელზე მოისმოდა ხმა ჩინური ხირხაცის, მეობას ძეგლს ანგრევდნენ და ძეგლს უდგამდნენ ვიღაც ძინს... ბუდას ოქროს ღიპიც ჩანდა, საჭმელს რომ ვერ ინელებს, ინდოელი უყვებოდა თავის ბინელ ჩინელებს: - თურმე სომხის ყოფილაო აბისი და ატოცი, - განათლების მინისტრად კი დგასო - მესროპ მაშტოცი. ნასრედინი ეჭვით მიცქერს, ჩემზე ამბობს, - ვინ არის, ბაზრის პირას მიდის გაცვლა იენის და დინარის. მოედანზე, რუსის ჯარის იყო - „ერთი! ორი!..“ და მინარეთზე მოლა ყივის უქიმერიონიდან. პროპკის ტყეც კი ავსებულა ზასტაველი ზანგებით, კაი ბიჭებს "პადლეცს" სცემდნენ წაგებით და ძაგებით. სოპოტიას სახლთან მოდგა ვიღაც თურქი ტირანი, საფიჩხიას იპყრობდა და მხარს უჭერდა ირანი. თეთრ ხიდზე კი ჩუქჩის ტომის ქროდა უცხო დიქცია, ბიკენტიას საქაბაბე საჩაიედ ექციათ. ინტერნაციონალური ტრანსებიც კი ძეობდნენ, ჯაჭვის ხიდთან, სახაშეში, ყავას შეექცეოდნენ. აყაყანდნენ, რა სახელი დაერქმიათ, რიონზე, ყველამ ერთად არჩევანი შეაჩერა „რიო“-ზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უცხო გახდა ეს მიწა და ყვირილით, შეშინებულს, ოფლში გამომეღვიძა... თითქოს ახლაც ძილ-ღვიძილში ვხედავ უცხო მარკეტებს, წამოვვარდი ტახტიდან და მეტანიებს ვაკეთებ. თავზე ვივლებ ჩემივ დღიურს და ვატარებ ქურაში, ფეხშიშველმა უნდა ჩავდგე დღესვე ოღასკურაში... ზენავ მართლა თუ ეს გინდა, რომ მათ ხელში ჩაგვყარო, მაშინ სწორად გამიგე და... - ააფეთქე სამყარო. 06. 11. 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი