მაქცია
/ძველი პატერიკიდან ერთი ამბის ლირიკული ვარიაცია/ დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.“ (ლუკა 11:31) აწმყო-დაისების კრება, ოქრო-ძოწეულის ფერის, შუმ ლოცვაში იწვის, ქრება, სვეტზე განდეგილი ბერის. ჩქამით შერხეული ღვია, ცნობს აღსავლის ქარით მკმეველს, ისევ განგებ რჩება ღიად ცათა ბჭენი გალილეველს... სვეტით მთვარის შუქში მცურავს, ზესთა ხილვას დაადევნებს, ვინც სინათლის ზვრებში წურავს, ძველ, ენგადურ ვაზის მტევნებს: - ლელში ეხამება ღალღა, ქარი აფრებს აფეხმძიმებს, - მოჰკენწლაობს ტალღა-ტალღა სასწაულით ნაფერ მძივებს… ქროლვას სამხრეთისას რომ ჰგავს, ზღვავ მოჰპარე რისთვის ქოში, საბას დედოფალი როკავს მარადიულ მზის დისკოში. მზით ნარუჯი, ტანად - განძი, სიბრძნის თასით მერვედ თვრება… სმენა, შვიდგზის დანაქანცი, მოსვენებას ევედრება. ჰგავს ქალაქი, სხივნარ ბროლში რიფზე ტალღის შეხეთქებას, (მეფე - მეიგავის როლში... სოლომონის შეხეთ „... ქებას!“) და, მოსკდება ღვარად შროშანს, - მომწარო და ამო თქეში, ბჭესთან ღვთისმშობელი მოჩანს, ცრემლმდინარი, სამოთხეში. და ელჭექით რეკვა ცისა - დებს უფსკრულთან ახალ ნაძლევს... ახლა თვითონ ძე კაცისა, წმინდას ხილვის ახსნას აძლევს: - უწინ, სოლომონის სიბრძნის, ქვეყნის კიდეთ ესმა ენა, დღეს კი ზეცირი სიძის, არვის აღარ ნებავს სმენა... ... ბოლოს ბნელეთს მისცა ნება, ცამ შეიკრა თითქოს ღილი; - დავიდუმნეთ! - ეს ბრძანება ისმა როგორც ცის ქუხილი. და, გაექცა ხილვას ბერი, კლდის სიმაღლეს და სალ იერს, დვრინი - სულთქმით მონაბერი, შეძრავს ქვეყნის დასალიერს: - ჰოი! - გულარძნილი მოდგმა... ჟამი ეკალად მოაქვთ წამებს, იცის საღმრთო სძალის მოთქმა, ზეცით, რასაც მოასწავებს... სურს დაუსხლტეს თიხის ტაძარს, კლდე-ღრეს ეხვეტება ხოხვით, და ვედრებას, ცეცხლში ნაცადს, აადუღებს გულის ოხით: - არ დატოვო შენი ერი, ნაცვალ, დაღაცათუ გნებავს, თუმცა არის შენმიერი, სრულად დავთმობ კაცთ ბუნებას! იცნა, როგორც ეწვის გული, ისმენს ქრისტე გულწრფელ თხოვას, უცნაურად შეწირული წმიდა, შერთო მგლების ხროვას. ... როცა ცისკრის თვალთა თაღებს, მოაქვთ საღმრთო შურის დელტა, ვიღაც ძონძით დაქადაგებს, როგორც ცხვარი, შორის მგელთა... ცას გადაჰკრავს ბინდი როცა, მგლის ჯილაგი არ იქმს ტყუილს,.. ერთვის ხმააღპყრობით ლოცვა, ცად მიმართულ მგლების ყმუილს... ... ვიწრო კარიბჭით, ქრისტეს ფესვის ამონაყარო!.. საუფლო სიტყვას, ჯოჯოხეთშიც რომელნი თესენ, არა თუ ხორცი, ვეღარ იტევს ვერცა სამყარო, რომელთა გამოც დგას უღირსი სოფელი ესე. 25. 05. 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი