κομήτης
"... ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" /ლუკა 18:8/ გაელვება, უდროო, განაქარვებს ქაოსებს, რჩება ვიწრო ქარაფი - ირგვლივ ცა და წყალია; ახლა არე მყუდროა, - როგორც სასაფლაოზე, ესწრაფიან არაფერს და არავის სცალია. არა სხივთა მარულით, - იძვრის როგორც დერვიში, მხოლოდ დედაბუნება მიწას თუ გაიმეტებს... და ვედრება, ფარული რიტმით მოიერიშე, სიოდ ესალბუნება ანამსხვერპლებ იმედებს. განანქრია ჰინდოთა ნირვანა და მარილი, სძინავთ თვალებახელილ მანტრებს, როგორც არჯუნა... ამ სოფლადვე მინდოდა ესეელთა არილი, - ვისიც მარტო სახელი ტანჯვით შეგვინარჩუნა. - ჰგავს საკუთარ არჩევანს; - ილენჩები ხბოსავით... (ანჯღრევს, ექვსას სამოცდა- მეშვიდედ, საქართველოს!) მალე არვინ დარჩება, ღმერთო, შენი მოსავი, - დამწარებით წამოსცდა მწუხრის მთავარანგელოზს. დასცა ბოლო ფიალა, - სიავის მოლოდინი, - მონატრების ოდენი, - რაც ღამეებს უთია... მზერით გაატიალა დარილება ოდინის; ყვავიც წრფელთა ორდენის გლოვის ატრიბუტია; - უცხო როგორც იოსებ, წყვდიადებით არესის, ემსგავსება ძახილი ეზოპეს და ლაფონტენს: - "მწყევეთ, ოღონდ ილოცეთ, ძრწოლით, თუნდ უარესად..." თავად, მისი სახელი, ცხელებიანს აბოდებს... ააბოტებს კალენდარს ჩემი ცეცხლის ეფოდი, (ნეტავ აგდევნებოდი არა როგორც ჰეროდე...) - შიშით აკაკნკალებდათ როცა გამოვჩნდებოდი, როცა გამოვჩნდებოდი თრთოლვით შემომცქეროდნენ... ვიღას უნდა ახარო?! ან, ეს ჟამი ვერაგი, დაცემული სულებით, წყლულებიან-ვნებიან - ექავება სამყაროს, - როგორც გველის პერანგი, ედემის ასულები სადაც იდევნებიან... დნება ქართა სხეული, ბობოქარიალქნება, ეხეთქება დედოზარს და არავის იკარებს, ლოდზე გადამსხვრეული, როგორც ხელის ჩაქნევა, მოჰგავს სინას ფერდობზე დანარცხებულ ფიქალებს... 16.10.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი