კენოზისი


/κένωσις/

ვიდრე ხელით მოსინჯავ მაცხოვნებელ იარებს,
მხოლოდ სიმბოლოები და ძილია საღათას...
ზმა არა აქვს მის სახეს, ბგერა ვერ აღიარებს,
ჩრდილი არ ეპოვება და ვერავინ დახატავს.

...

ვარდის, იერიქონის, გვალვისფერი ედება,
მიღმიერი იერის, ფრესკადქცეულ მღიერებს,
ვით ყვავილი აღდგომის, მიწის შემოქმედება,
ელმის პირველსახეს და თითქმის ასახიერებს...

ან, თუ, მასაც შემოსეს განშორების წაღები,
როგორც ძმარში  ნაღველი და სიყვითლე იელთა...
როგორც გეთსიმანია, შემდგომ დატუსაღების,
უმაცხოვრო ედემი, ასე დაცარიელდა.

მდუღარება მოწმობის, თქვი, რომ ისევ ცხელია...
ვიდრე ნათლის განქარდა მარილი და მადანი,
მოდი! - თორემ ცაიტნოტს ბეწვის ხიდთან წყევლიან, -
სტვენენ გამღვიძებლები ძველი ლევიათანის...

ცათა შინა დაჰყუდეს პირი მათი, ბორიტი,
ენა მათი, მგმობარი, ქვეყანაზე ეთრია,
თავით უხსენებელის, ღრიანკალის ბოლოთი,
ჰეკას-სკეპტრით დადამღეს შავია თუ თეთრია...

რადგან დაგვიანება დაგვის ქარში გაკიდა,
ვინც რაჰაბის თათბირის გადალეწა მალები,
ვით ელჭექი - ურმის თვალს, უნივთობის ბაგიდან, -
დადო ცის-იკანკლედი მანად იდუმალების....

აგარიდებ ხელთაგან, და ვერავინ დაიჭერს,
როგორც მამლის ყივილი, დაბრუნების, უწყების,
ხედავ ხელთუქმნელებას, როგორც ღია კარიბჭეს,
დაობლებულ კერიას  როგორც შვილი უძღები...

ჩვენებები, მღვიძარე, მოეჯარა ლანდებად,
(მეფეთ გულგრილობაზე, მორჩა, აღარ იავებს,..)
მარხვით გამხმარ ხელებით ჟამი გაირანდება
და აზავებს  ცრემლებში ფერებს, ნალოლიავებს,

რადგან ძეობილობა შეგვირაცხეს ბრალდებად,
რიდედ, თევზის სიმბოლოც ავამაღლეთ, გვიანი, -
ან მიელტვის სათავეს, ან თავიდან მყრალდება,
სულ ასეა, მით უფრო გულით, ადამიანი...

ეპოქები იშალნენ თუ "ენუმა ელიშად,"
"აქ და ახლა" სულ იყო მისამართი სრულყოფის...
გაქვავებულ დედოფალს რაღაც, მაინც  ენიშნა,
დახსნა ყინვის სასახლემ  საუნჯენი, ულღობი...

და მუხლები ატკივდა გაცოცხლებულ მხილებას,
ფეხშიშველი ვიდოდა წამი ფიცის დადების,
გადაბუგულ სენაკთან თვალი აეხილება
და დაწყევლა გენია, - დოსტი დიდოსტატების.

მოღვაწების სიმაღლე, უფლის შურით ნაგეში,
რადგან მისი სახე აქვს მოწამეს და ანგელოზს,
მღვიძარებით ნავლები სულის სიგლახაკეში,
გააცოცხლებს მონასტერს, უჯვროს და უკანკელოს.

...

ორიონის დახრიდან, ლოდზე წვეთის დახლამდე,
ყველგან გარესკნელია უცხო და უსამებო,
ლიქენების გზა არის, ძლიერების  სახლამდე,
ჩემი, ეს იბერია, - მწუხარების სამეფო...

28.08.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი