ილუზიონი


"...მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა..."      /გალაკტიონი/


მთვარის მანტია, დედაზარდლის ლეის-ვილებით, -
დრო გაუთოკავს, სარკმლის აქეთ, კლასიკურ ქაოსს,
არადა იყო კიდევ რაღაც, დანამდვილებით,
სულისშთაბერვას ამსგავსებდა რაც სააქაოს.

•

დეკორაციებს ქირაობდნენ ანგლი ჰორები...
დღესასწაულთა ციალება ეცვათ პოლარებს,
ირმის ნახტომზე ყირაობდნენ ჟონგლიორები,
მწითურ ჟონგლიორს წააგავდა ცირკის მოლარეც.

ბილეთი ღირდა ღიმილი და სამი აბაზი,
და გვაშინებდა მეოცნებე თაგვის ბალადა,
ადგილის დედა ჯვარს დაგვწერდა გულის დაფაზე,
მერე, არათითს სათითურში დაგვიმალავდა...

სიურპრიზების ფოიერვერკს ვიდრე ველოდით,
(შობის ვარსკვლავი ირეკლავდა თანაარსს  კვლავაც,)
ღამის არენას ცალბორბალა, იღბლის ველოთი,
მოატარებდნენ დიდი დათვის თანავარსკვლავედს.

და იმ ერთხელაც, - 
მტაცებელთა დიდკეისარმა,
აპლოდისმენტთა ვიდრე დასი კრებდა მოსაკრებს,
გამოარღვია ზოდიაქოს წრიული სარმა,
როგორც სიტყვების ტყვეობიდან - ნათლის მოსაგრემ...

და იქვე, ელდამ გააქვავა მეფე ნადირთა
ვით პლატიტერას წინახილვამ - მეფე ლაგაშის,
როგორც ძუ-მგელი, ვალკირია, ომის მატილდა, -

შედგა ქალწული მხეცის თვალთა ველურ ქარგაში, -
იეშიმონის წყაროები ისევ ატირდა
და დაივანა მძვინვატებამ თავის ქარქაში...

სადღაც, შამხათმა, კუპიდონის მშვილდი მოზიდა
და სერაფიმის ფრთით შთაეხო, ქვესკმელს, ნოემა,
ერთხმად დამუნჯდა ყველა ლექსი ძველ ეპოსიდან, -
და სიყვარულზე დაწერილი ყველა პოემა...

როგორც, -
სოფირის რიონიდან, ოქროს რუნებად,  -
ასაწმისებდა სახლის იგავს, სკალდის ასკეტი, -
კარდუს მართობზე ევრაზიის შემობრუნება
და გატაცება ქალდეადან  ებრო-ბასკეთის; -

ასე, განგების სათითურებს ვიდრე დაღლიდი,
იმ გამოხედვას, როგორც რიდლი, როგორც ენიგმა,
დაატარებდა ჯამბაზების ბედის თაღლითი,
რომ სამუდამო მიზანსცენით გადაენიღბა..

•

მთვარის მანტია, დედაზარდლის ლეის-ვილებით, -
დრო გაუთოკავს, სარკმლის აქეთ, კლასიკურ ქაოსს,
არადა იყო კიდევ რაღაც, დანამდვილებით,
სულისშთაბერვას ამსგავსებდა რაც სააქაოს.

•

ყველა ტკივილის ლექსადშობის ვხდები მხებელი
და გელოდები, როგორც მხეცი - მწვრთნელის განაჩენს,
ოღონდ გადარჩეს ის ვედრება ხელუხლებელი,
ოღონდ ის მზერა, შენს უძირო ცაში გადარჩეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი