ჩრდილების პიედესტალი


აზრი,
რომელიც ვრცელ პაუზებს მუდამ თან ახლავს
და განედლებულ სულს უბრუნებს დამსხვრეულ მითებს...
ცარიელ ფურცელს კითხულობდა გუშინ და ახლა,
სადაც სითეთრე ძირითადს და ყველა ფერს იტევს...

დიდი გზა ასე იწყებოდა ოდით და ოდეს
სამძიმარივით ქვავდებოდა ბაგეზე სიტყვა...
ჰო, - შეიძლება ქვის შედევრიც ნერვივით თრთოდეს
და ჩაითვალოს სრულყოფილად, რაც ვერც კი ითქვა, -
არა თუ ახლა
და საერთოდ,
გასაოცარდით! -
"... თქვენ ვერ იქნებით, ვერ იქნებით ყველასნაირი!.."
აატივტივებს თქეშის მოცარტს ცრემლის მოცარტით,
ამადეუსზე აწყობილი ზიუსმაირი...
და ასე, ფრთხილად ჩაატარებს დაჭრილ გენიებს
გამარტივებულ,
დიდებისგან დამცხრალ პერსონით, -
გადამდებ ექოდ
და კარდაკარ დაარბენინებს,
ცვილის უწყებით ვერ აღნუსხავთ, რასაც ვერ სწონით, -
თვით უწონობას, 
რა თქმა უნდა, დაცლილი მასრით,
მიდის შენგან და ჰგონია რომ არაფერს იმჩნევს
და წაგრძელებულ პაუზებში მცხოვრები აზრი,
სულ უფრო მეტად ემსგავსება გზის სასვენ ნიშნებს.

შაბათის ლოდის შესაფერი მძაფრი გარსებით,
გადმოათეთრებს ახალ შედევრს ჩრდილი და დაღლა,
იცნობ მასაც
და თვითონაც ხარ მთელი არსებით
აზრი,
რომელიც ვრცელ პაუზებს მუდამ თან ახლავს...


17.06.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი