ისკარიოტული ქლიქბეითები


აღარც ვერცხლი გაიმეტეს,
არც უვერცხლო მარტო ქისა,
არც გარეჯი გაიმედებს, 
აღარც ძალი მარტორქისა...

"რწმენა," მსგავსი ჩაშლილ ხიდის,
ვენოკივით შვენის კუბოს,
ხან, - "რიონი აღმა მიდის," -
ხან უნდა რომ შეაგუბოს...

ყმას - "დოლარი," მონას - "რუბლი,"
ხან "დინარი," ხანაც "ევრო,"
ცხრა მთა ცხრა ზღვით მონაღრუბლი,
ცხრა მდინარე სანაწერო...

სდექი ეგრე "მამაცურად," -
მწყურვალს აღარ გეშინოდეს(!) -
"ძმამ" "ძმას" ძმარი გასვა "ძმურად,"
ჯვარცმულ-იყავ გუშინ ოდეს...

იანვარში მოდის ია,
გაზაფხულზე თოვლი ბარდნის,
შიშს დაარქვეს ოდისეა, -
ჯოჯოხეთში გადავარდნის...

ცისარტყელა, ახალ ტონებს,
ვერ აუწყო ნოემ ფერში...
აწი, რვა მარტს, ქალბატონებს,
მივულოცავთ ნოემბერში...

08. 03. 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი