იმედების კენოტაფები
რამდენჯერ უნდა დაენდო ლერწამს და მოეჭიდო მორყეულ უღელს, ან შეთქმულებას რომელიც ძერწავს და მტერს, ციხის კარს, შიგნიდან უღებს?! ამასობაში მიწაც დაბერდა, ვეღარც წუხდები, ვეღარც მშვიდდები, და "იმედების" კენოტაფებთან დგას გადახდილი პანაშვიდები. დამსხვრეულ წლებზე თუ ფიქრობ ხოლმე, ვეღარ ანივთებ გადაჭრილ მყესებს, სიშლეგე, მაინც, ვით პიკროხოლი, ვირის ნატერფალს დაეძებს ხეზე... ვირი კი ხეზე არაფრით ადის, ვირი არ გახლავთ ფრთოსან-მგოსანი, მას ზურგით დააქვს პატრონის დარდი, პატრონს კი, პატრონს ერქვა ოსანა... ეძახი, ეგებ საწერტელს აცდნენ და არ იხმიონ წყურტი და გესლი და ხმა, რომელსაც ვერავის აწვდენ, თვითონ წიქარას ბღავილად გესმის. და გვიან ხვდები: თუ მტლად იწვოდი, იმ სარწმუნოსთვის ცოტას თუ ცხელა და რაც გეგონა, მარტომ იცოდი, ავად თუ კარგად, იცოდა ყველამ. ავად თუ კარგად, ასე თუ ისე, ყველა არჩევანს აკეათებს თვითონ, და ზოგი ვცხოვრობთ ზედმეტად მქისედ და ზოგიც - ვითომ... • რამდენჯერ უნდა დაენდო ჯაგლაგს, რად აიგნორე სულის ხადილი და კიდევ რამდენ იმედებს ჩაკლავს, რომ ამოიცნო ბოლოს ნამდვილი?! საწვრთნელად კაცთა, საწუხად ჟამთა, ბევრჯერ გვინახავს ტანდასეტყვილი, კაცი, რომელიც ძმასთან პურს ჭამდა და განადიდა ძმაზე შეტყვილი. მაგრამ სოფელი ვერაფერს სწავლობს, მაგალითს მაინც ვერვისგან იღებს, და პილიგრიმობ, თუ მაწანწალობ, შეშინებული ძაღლივით გიყეფს, ძაღლმა ქემაინც იცის მოყვასი და ძაღლიც ეგებ გახდეს ვეგანი, მე კი ვით ნისლში გიურჯი-ბოღაზი, სევდა მჭირს ყელში უკიდეგანო. და როგორც ყელი საქართველოსი წმინდაა მაინც ფესვთან ევფრატის, ასე დასტირის ქართლს ანგელოზი, ვით დასტიროდა ადრე ეფრათას... არ გაიზრდება ეს მოდგმა მეტად, რა უნდოც იყო, ასე დარჩება! მათი ნაწილიც, ვინც იშვა მხედრად, გაიწვრთნებიან ბაზრის ჩარჩებად. • და აწი უფრო მე იმ დღეს ვესავ, ვის დასასრულით მიწა ზანზარებს, ვინც მიატოვა მეგობართ მესა, რომ დაიტიროს თავის ლაზარე. 05. 03. 2025.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი