ეუსკარა


შორით მახსოვს ხმით და ოდით, -
ვით ჩამქრალი მიწის ელდა,
მზეს კვალდაკვალ მივყვებოდით,
მზე კი გზაში დაგვიბნელდა.

თეთრი სენი, დედის ხსენი,
ვერ გამოვთქვა ენით ვინძლო,
მოდი, სისხლო, ამიხსენი, -
გამახსენე, მოდი, ღვიძლო!

გახიდულხარ შორით, ღვიძლო,
როგორც კიპარისის ძელი,
ასე უბრად ვით გაგიძლო,
ანდა თვითონ ვით გაძელი?!

სანთელს მატერიკთა გიდის
და მესაჭის ბეჭდის ქარგას, -
მზეს ნაფეხურს ვუკოცნიდით,
მზე წყვდიადში დაგვეკარგა.

თითქოს რაღაც უნდა გეთქვა,
რაღაც თითქოს ისე ვერ ვთქვით,
აბორგებულ გულის ფეთქვას,
დაოკებულს, გულისხეთქვით; -

სად ღანძილის მწარე ღერო
ყვავილს დაჰფენს დიად ლოდებს,
სწყვეტს მანძილი სასიმღერო,
და სამ ხმაში მაინც ჰგოდებს: -

თითქოს თავკიდური ლოდი
დავკარგეთ და ამის გარდა, -
მზის ნაკვალევს მივყვებოდით,
მზე კი ზღვაში ჩაგვივარდა...

20.09.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი