თიხის დამშრალი სერენადები


ვით შამურამატ - მზერას ასურთა,
არა თუ მსურდი, ან, თუ, არ მსურდი,
სხვა არაფერი ქვეყნად არ მსურდა,
სხვა, დანარჩენი, იყო აბსურდი...

დავეძებ დროთა დამწყდარ იოგებს
და ამოკითხულს ვაცოცხლებ ქვეთავს,
და ფრაგმენტების პაზლით ვიოკებ
მითის მყობადთან მომდევნო კვეთას...

... გაცხადების წინ უნდა დაეცეს,
სასახლის თიხის კედლების იქით! -
გაკაწრულ გულში ვინაც დაეძებს
გულის გაკვეთილს, ან, თუ პირიქით...

- ჰკვეთდა თიხაზე ლერწმის მისანი
და დედოფალი წყალმრავალ ქიშის,
როცა კვდებოდა მთვარე ნისანის
და იძინებდა ღმერთების შიშიც; -

და ითვლებოდა ლალით მოოჭვილ,
ქარის ქალღმერთის თანასწორ არსად
და ისწორებდა ფერმკრთალ ნაოჭებს,
ჩამატებული სტრიქონის მსგავსად...

... ითვლიდა დროებს ვარსკვლავთმრიცხველიც
და სურნელოვან პალმების სურდოს,
რომ წელიწადთა მზერა ფიცხელი,
ძილქუშის ღამით გაააბსურდოს; -

და ბწკარედებსაც ითვლიდა, ვიდრე
ეწაფებოდა ევფრატის სიოს,
მსხემადშობილი ვით აღთქმის მკვიდრი, -
ზიქურათიდან განჭვრეტილ სიონს...

... და შეხვედრის წილ, მხოლოდ აყალო
იყო მათ შორის ნუგეშის ელჩი,
და სწამდათ უცხო (ღმერთო, მაღალო!)
ღმერთი, რომელიც არავის ერჩის.

ასე ჰყვებოდა თიხის რვეული,
იმას, რაც მანამ, და რაც მერეა,
წამზე გულგრილი და შორეული,
მზის ქვეშ რომ, მაინც, არაფერია.

... მაინც, რად ევნო, და რად ერჩოდა,
თიხის ყალიბში ნათალ იერებს,
და გაქვავებულ ელვის ღრეჩოდან,
მარადისობას ვათვალიერებ...

რომ ამ სტროფებსაც მტლად შეიფერებს,
ვით კალმის ალავს - სტრიქონთა ურდო
და, რომ ამ სოფელს წარჰღვნის სიბერე,
დალაგებული და უაბსურდო...

06.09.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი