მწუხრის მარგალიტები


ის ოჯახისთვის ვეღარ იცლიდა
და ჩაეღვარა წლები ძვლებამდე, -
მეცნიერული ათეიზმიდან -
მეცნიერების საფუძვლებამდე...

და ურანოსის სექსტანტაგაშლილს,
გზას უნათებდა ცოდნის ეოსი,
და შემეცნების ლეღვით, თუ ვაშლით,
წართქვა გონების აპოთეოზი.

მან ხელოვნური მზე შექმნა თითბრის,
და აამღერა რკინის აშუღი...
მარსზე პორტალი გახსნა და, თითქმის
ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.

ბოლოს კი, როცა შენელდა იგი, -
და მასთან ერთად წუთისოფელი...
როდესაც ჩაცხრა ტაშების რიგი,
და დამძიმებულს სამგზის ნობელით; -

ბავშვები, სახით, გასაოცრებით,
შემოეხვივნენ ჟივილ-ხივილით: -
რად იოლდება წუხილი ცრემლით?
ვინ დაჰბადაო ქვეყნად ღიმილი?
...
იგი იკვლევდა მაკროს თუ მიკრობს
და ატომბირთვიც მანვე გახლიჩა,
ახლა მზის ჩასვლას დარდობს ფიქრობს, -
ვიღაცამ სული დაუსახიჩრა...

21. 10. 2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი