მოქცევა


როგორც ვეება მამონტს,
მივდევ  წარღვნამდელ ქუჩას,
ნეფილიმების ამინდს
საავდრო პირი უჩანს.

გაზნექილი აქვს ბურჯი
ცასთან გადებულ კონკლავს, -
წარღვნას თუ გადავურჩი,
მეორედ მოსვლა მომკლავს.

ვისაც ვურჩევდი სინჯით,
სტვენა-გოდების კილოს,
ახლა, ნაბიჯით დინჯით,
მათგან გაღწევას ვცდილობ.
 
გიხმობ ცილობის წყალთან
შენ, და უდაბნო კადის, -
მერე, ეს ალთა-ბალთაც
სიმპლეგადებზე გადის.

და თაობებში, ამბად,
თიხის მესიჯით მიდის,
ვეღარ გაუძლებს დამბა,
ბოლო მოქცევას მითის.

რომ შეუძლია, (სიტყვის
ეგებ გაგებაც ეყოს,)
როგორც თქმულება იტყვის, -
განამდვილება ეპოსს.

განამდვილება, რადგან
დანამდვილებით ვიცი,
ცეცხლით განწმედის დადგა,
ბოლო ეტაპი მიწის.

და სინანულის ელჩის,
ვარსკვლავთ თავსხმაში გასვლა,
იონას ქოლგით ხელში,
ნოეს კიდობნის ნაცვლად.

რომელმან გულის სიყრმე
არ დააბერა ნავსად,
მანვე "იხილა სიღრმე,"
ცხებულ ლუგალის მსგავსად.

და ვით შორი გზის საგა,
ბრძენიც ბავშვივით ურჩობს,
გაუკვდავებას სხვაგან,
სახლში დაკრძალვა უჯობს.

ღუზას ჩაუშვებ სადაც
ლეგენდა გააზღაპრეს,
იყო ცხოვრება სადა,
რასტით მწყემსავდნენ აფრებს...

და ვით ტრფობის წიგნთ უყქვამს, -
"მზისაცა დასთა დასულს,"
შეეკუმშება სუნთქვა
პორტინარების ასულს.

და თვით ნუგეშის მტრედი
შენში ივანებს ბოლოს,
ისევ აღადგენ მკვდრეთით,
გულით მდაბალთა კოლოსს.

12.08.2023.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი