ტროას აქლემი
სიკვდილის პროტოკოლი, უსულო ვილები, კოვიდს ახრჩოლებს მთვლემარე პალატა, ომი და პოეზია, - თანმდევი ჩივილები, მთვარის ჟალუზებში ხლართავენ ბალადას: - ამბორით გასცემენ სიმართლის მხედარს! (კალქანტი ხელს აწერს ბეჭდიან ქაღალდებს...) "- ჩვენ ციდან გვესმის და მიწაზე ვხედავთ!.." - ღმრთის სული მეომრის პირიდან ღაღადებს. წუხელ, ნემსის ყუნწში ნავარჯიშევი, ოქროს აქლემი შეწირეს აპოლონს... ხრავთ ლაოკოონებს გველივით შიშები, - რასების დაბოლებას ცდილობენ ამ ბოლოს; ფორტუნა ემდურით და უმეგობროა... სხდებიან ეტლებში ლალით და ამარტით... ძნელია ცენტურით, იოლი უფროა დაქცეულ კედლებში აქლემით ნავარდი... აჩეხილ აშერებს კლანჭებით აშრამებს, დრაკონის კომეტა ჰადესის რიქშაა... გვამებით აშენებს ვარნებს და აშრამებს მესამე რომი და სიკვდილის რიგშია! პირდაუფარავი გოდება, ტყიური, დაეძებს იღბლიანს, - არ არის არავინ! სოფისტთა კარავი, ულუფა დღიური, - გულიდან ბიბლიას იესოს ჰპარავენ... პერუნის სიმწიფე, - იზმების ნუდიზმი დაატყდა ვულკანით აზებს და არმაზებს... სუყველა სიზიფე, "ღმერთებთან" ლუდის სმით, მითოსის უკანა ჭიშკარში ბარბაცებს... სივრცეებს დაჰკივლონ, ვიდრემდე მოკეცავ... ჰადესი ვერ იტანს შეწირულ რაინდებს; "ვაი შენ ბაბილონ! - რამეთუ მოგეცა ხელთ ჩემი ერი, და შენ კი, არ დაინდე!" ამბორით გასცემენ სიწრფელის მხედარს, (ფავნუსმა იშიშვლა კაქტუსის პირბადე...) "ჩვენ ციდან გვესმის და მიწაზე ვხედავთ"- ახალი ადამის სახებას, პირვანდელს... ... ტკივილები ხანმოკლე ნისლებია, წამები ტყვიებივით ბასრებია, მასრები სტროფებივით იცლებიან, სტროფებიც დატენილი მასრებია... p.s. ცაში სისხლიანი ხელებია, ზევსთან ვიზიტი აქვთ, უვიზო... იესოს იოლად ელევიან, მერე კი ილევიან უმისოდ... 28. 02. 2022. . _________ Kashmir - Led Zeppelin. London 1975.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
❤️❤️❤️❤️