ელიას სულით


ქარმელის მეხთატეხილმა დაკრა
ბრმა ბაალების იდუმალ ჰადესს,
ვიცი რომ ღმერთი არა ხარ, მაგრამ,
უმალ, ღმერთივით, შენც გამოგცადეს.

და ახლა ცდილობ დაუსხლტე ცდომას,
და არ მოთხარო უდროოდ ღვარძლი,
და დღეებს, როგორც ურწმუნო თომას,
ეჭვის საფუძველს ხელიდან აცლი...

აღარ დაეძებ სიტყვებს და ფორმებს,
და ძველებურად გჯერა და გიყვარს,
და ათასწლების ცეცხლოვან შტორმებს,
აღიქვამ, როგორც ლაზარეს სიზმარს...

რადგან ჩვენს სახლში გვაცხოვრეს ქირით,
და ვისი უფრო მძიმეა ყოფა: -
უარყოფილი ღმერთი და გმირი,
თუ ცისგან, სოფლის, ეგ უარყოფა?!

თუ არ ნათობდა, როგორღა ჩაქრა,
ვინცა უქმობით იქმოდა საქმეს?! -
ძეხორციელი ეგონათ, მაგრამ,
ცორცში მოსული ღვთის სიტყვა დაგმეს.

ხელოვანების მზით ნამინანქრევს,
საუკუნეთა წყვდიადით დაზრულს,
უშუალოების წყურვილით ანგრევს
ხელთქმნილ ტაძრებს და ყველაფერ "ტაძრულს."

და ნანგრევებში, მარადის შვებად,
პოულობს ჩვილთა განდობილ გულებს
და ამოუხსნელ იგავად რჩებათ
სოფლის ბრენკაცებს და ორაკულებს...

როგორ მწარდება თაბორის სიტკბო?! -
ხომ ცით ეუწყა ცხოვრება პროკლეს?!"
ცით ნაბრძანები იმედის სიტყვა,
ხელახლა, როგორ კაცივით მოჰკლეს?! -

და რას ეტყვიან, როდესაც მაღლით,
გამოაჟღერებს ლეტალურ გამებს,
გავერანდება ყოველი სახლი
და წყვდიად უფსკრულს დააღებს ღამე?! -

ან, ბოლო წამი, სიცხადით სავსე,
უარმყოფელი ქრთამის და განძის,
წამოადგებათ უეცრად თავზე,
"როგორც იარაღასხმული კაცი?!"

მაგრამ შენ გახსოვს ფიცი და ზრახვა, -
განახლებული ორბისაც სიყრმე,
ცათა უმაღლეს ზენიტშიც ახვალ,
რომ კვლავ იხილო განგების სიღრმე; -

ანუ სიმაღლე ფრთაშესხმულ ქართა,
დაწუნებული სოფლისგან ფერი,
სად შეიწყნაროს, იმედის კართან,
გონსმოგებული მომავლის ერი.

მანამ კი, წარსულ ხსოვნათა ხატად, -
მთა მთას შეხვდება, ვითარცა მწირი, -
სად მგზავრის სახით გამოგვეცხადა
საიდუმლოთა არსი და ძირი...

და ახლაც, ნაცნობ კილოზე მღერის, -
და მიუყვება აღმა "არაგონს:" -
ვინც ბჭე იხილა პირველი ბგერის,
ყოვლის ენაზე ილაპარაკოს!..

წყნარად, სიღრმეში, ფეთქავს და ელავს, -
გამოგვატარა ცეცხლი და წყალი...
უბირი ვინმე ეგონა ყველას,
და განიკითხეს მარადცოცხალი.

მოაქვს ქალაქი ნათლის ტაძრებით,
და შესავალით, სიკვდილზე ვიწრო,
და ნემსის ყუნწში ვიდრე გაძვრები,
ცხრა პირი ტყავი უნდა გაიძრო...

გადაძაბული ვედრება, განცდა, -
სისხლად მომსკდარი მდუღარე ოფლის...
ვინც უიმედოდ შერაცხეს კაცთა,
ბოლო იმედი აღმოჩნდა სოფლის...

30.03.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი