მატრიოშკები


მატრიოშკები

უხერხული წარსული მოიქავებს ნატყვიარს,
ჩაწერილი პლენუმის როცა ტაში გრიალებს,
რკინის თერაფიმების ირონია ატყვია
ერთმანეთში ჩაწყობილ წითელ მემორიალებს.

წევს სტალინში ლენინი, და ლენინში მარქსია,
სამივეთი სავსეა ჩვენი დროის დათანი,
როგორც ბეზბოჟნიკების სისხლიანი აქცია
იყო დაფეხმძიმება სულით ლევიათანის.

მოპარული მოძღვრებით გადამდნარი სვასტიკა
ილანდება, ნიმბუსით, წითელ პენტაგრამაში,
ვისაც სიტყვა სამშობლომ გული გაუსასტიკა,
გზაში იმარხებიან ასე თამაშ-თამაშით...

და პირმეტყველ ელჭექის მიმობნეულ ისართა
ყველა სიტყვისმიგება ესმით ნიშნის მოგებით,
დიალოგი ლოცვაში როცა გადაიზარდა,
როცა სული  დაოსდა მძიმე მონოლოგებით...

შენ აღმინთე სანთელი, რომელიც ვერ ავანთე,
დე, ბოლომდე დასრულდეს დაწყებული რევანში!
სადაც ეშმას მზაკვრობა დაჰფოფინებს მავანთა,
შენი ძალი გამოჩნდეს წრფელთა უძლურებაში!

28.09.2024.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი