ლამა საბაქთანი?!


სასო სიმრავლის, იმედი რიცხვის,
მოჰგავს უსაგნო წამების საგნებს...
იქ არ გაექცა ეროვნულ სირცხვილს, -
აქ საკუთარ თავს ძლივასღა აგნებს...

და დასტრიალებს ორბი და ძერა,
მისგან განდგომილ გვამებს, აგდებით;
სჭირს ჭრილობათა მისთა აღწერა
მხოლოდ თითით და არტეფაქტებით.

და ემსგავსება კარგამოკეტილს,
გზაჯვარედინზე განაგონს, ძილიში...
მიელალება ბოროტს და კეთილს
მის, საიდუმლო, ზენარ ქორწილში...

აქ ცრემლის ზვირთით აწყდება ყინწვისს
და ხელთუქმნელი ფერებით გალობს,
იქ, აღსავლენი მსხვერპლივით იწვის, -
არავნა იებუსელის კალოს...

არ დასწვდომია კვერთხს და ვაშკარანს,
არ დაუწყია ახსნა თავიდან
და ყველაფერი გახდა აშკარა,
როცა. უბრალოდ, მათგან წავიდა...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი