ციურ სარკმლებში გამოკვეთილ კლდოვან ბაიებს


ვინ შეახამა წყვილი ლეპტა მტირალ საფირონს? -
იცოდა კიდეც, გვერდს გულგრილად ვერ აუვლიდი,
ჩერდება ჟამი უგრძნობელი და უნაპირო,-
დაუნდობელი, როგორც მულიდი.

და სენარიდან გადაწინდულ სიცოცხლის მორჩად,
მზის გარინდებაც დავცალეთ და შეხლა გერარის,
ის შეყოვნება ჟამთაამთვლელს განგებ გამორჩა
და ახლა რაღაც ისე ვერ არის...

აედევნება ცხელ ნაკვალევს ქალწული ობლად,
წყალი შეასვას, წყალი მაინც, რათა, მაშიაჰს!
ცოტამ თუ იცის, ბრძენთაგანაც, რა ხდება სოფლად,
ან და სოფელი რა თამაშია.

უძღოდა ღამეს ქარბორბალა ცეცხლის გრიგალი,
ვით წმინდა ხსოვნას - დედაღვთისას ხატი,
 და წყორძას
ათოვდა მანა, როგორც პური, ნატარიგალი,
ქრისტე-მაცხოვრის სისხლად და ხორცად.

შენი დახატვა იმ წყვდიადში მაინც შევძელი,
ხარ გაწვიმება და გულივით, ოდნავ დამრეცად, -
ძველ კლდეში ნაკვეთ "ბაიებთან" თოვლი ენძელით
და ურაველში უღრუბლო ზეცა...

ასე დაიხსნა ყვედრებისგან ადამ და ევა,
ახლა გვიღიმის, ჯვარზე იქმნა ვინც დასაცინი,
ნებდება ჟამი, როგორც ზღვის და ქართლის მოქცევა, 
დრო, ჩუმადმკვლელი, ვით ასასინი...

2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი