მამრეს მუხა
კვდება მამრეს მუხა და მომაკვდავი აოცებს სანთელივით ანთებულ მარადმწვანე კვიპაროზს, წრეზე ამოგზაურებს, უძრაობით, დაოსებს... დედამიწა - ტურისტად? - უფალმა დაგვიფაროს! კეპი, შავი სათვალე, პირბადე და ზურგჩანთა, კონტინენტთა ტანგო და მიგრაცია ერების... უწინ, კაცობრიობას სახე მაინც უჩანდა, სახე, როგორც ხატება გულთა სახიერების. ალმოდებულ სხეულზე აცმევს სისხლის კიმონოს, - ატროშანის დრაკონით სხვაა ცეცხლთან თამაში... ყალბმა მისტერიებმა არასდროს დაგიმონოს, არასდროს დაივანებს ღმერთი გაუტამაში! ხომლის დიდი ბერკეტით ბოლო ზღვარზე დასწია წუთისოფლის ჟამი და ეკლიპტიკის ფარდები, გიზის პირამიდებში ლღვება გრავიტაცია,- სიყვარულთან ვაჭრობის, ახლა, სხვა შეფარდებით... ბჟუტავს, როგორც კანდელი მოღრეცილი უღლიდან... ზოგჯერ რისხვით ანათებს, როგორც ელვა - ბარაკონს, ლამის, კაცზე გამწყრალმა, მოუდრიკოს მუხლი და ბალაამის სახედარს ღმერთზე ელაპარაკოს... 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი