დაცემული სიმაღლე


თითქოს ჰაჯივით კითხულობს ჰადისს,
ან ჩაჰკირკიტებს ყადის შარიათს,
დერვიშის მსგავსად, მთაც თურმე დადის,
და ახლოს მისვლა, მართლაც, შარია.

არმაგედონის ქალაქ მეგიდოს
სძინავს დასასრულს, სად მთა, და სად მე?! -
რომ იძრას მთა და გამოგეკიდოს,
გასაქცევიც კი არაა სადმე.

თითქოს ნამაზის იპყრობს მანეჟი,
ან უხუცესთა ნაქარგი სუნა,
ტანი რომ ჩადგას ოკეანეში,
ვინ გადურჩება ვეება ცუნამს?!.

მაგრამ რა ტანი?! - შენც არ მომიკვდე! -
სიტყვის დამძრავიც არაა ეს მთა,
ის კომენტარი, შენ რომ მომიგდე,
"მართალი იყავ საკუთარ მესთან..." -

რა შავ ქვად მინდა თეთრი ალამი?! -
თუ არ ნებდება მებრძოლი კასტა!
ან ხომ არ ვგავარ, მართლა, "ალ-ამინს:" -
ავდგე და თვითონ მივიდე მთასთან...

არც არანაირ სიმართლეს აკმევს,
არც იმამობს და არც რამეს ხოჯობს,
უფრო მეტი აქვს ზრახვა და საქმე,
ფუნაგორია, პატარა ხოჭოს.

თითქოს ეძახის სამართლის ფიყჰი,
ის ბუნდოვნებას აფრქვევს სახიდან,
და გუმანს მიღრნის დუშმანი-ფიქრი:
- მდუმარეა, თუ ქრისტე გაყიდა?..

07.12.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი