ქუთაისური ამბავი (მერაბ გუგუმბერიძის ხსოვნას)


სიტყვა ღვთისა, ვთქვათ პირდაპირ, ნუ მოვყვებით შორიდან,
რელიგიად არ მოსულა, ძე-კაცისად მოვიდა.

ხილვასავით ვხედავ, ერთხელ, უფალს ტაძრის გარედან,
მთელი წირვა ზარს ირეკდა ყველას გულის კარებთან...

მერე მწარედ ჩაიღიმა, დღე მოჰგავდა დო-მინორს,
ტაძრის ახლო, ერთ ძველ ჩიხში, თამაშობდნენ დომინოს.

მოდგა ღმერთი ცოდვილებთან, შორსმჭვრეტელი, უჩინრად,
ნამთვრალევებს ლუდი ედგათ, ტარნის ფული უჭირდათ.

არღანია, ახირება, ურიელა, სომეხა,
იქვე იდგნენ - ქურდუნია, ხათრია და ძობეხა.

-ურიელა ყისმათი გაქ, შენთან ფინიშს ვინ გავა?!... -
არღანიას ხელში „მკვტარი პუსტა-პუსტა“ ეკავა.

ამბობს: - არაყს აღარ დავლევ, თუმც ცხოვრებამ მომშხამა...
და წამოსცდა: -ზიარება ამიკრძალა მოძღვარმა...

ქოთნისა და ციცხვის ამბავს, რად უნდა აფიშები?!
არ ხუმრობსო... იცინოდნენ, თან ზოგავდნენ ბიჭები...

არღანიამ ძმების სიცილს მიუშვირა ლოყა და...
ამ დროს ვიღაცა აყვირდა, - რიონს კაცი მოყავდა.

არღანია ნიჩბოსნობდა ბოვშობაზე ჭომაში,
ვიდრე სახელს გეითქვამდა ქეიფში და ძმობაში.

წონა ხელსაც არ უშლიდა, ქროდა როგორც ფრინველი,
არც დაფიქრდა, მღვრიე წყალში გადაეშვა პირველი.

კაცი, ის წყალწაღებული, ჯებირს შეატოვა და
ჯაჭვის ხიდზე თაღს შეასკდა ნამთვრალევი თამადა...

(იმ ტალღებმა, ჩემ ძმებს ახსოვთ, სამკვდროდ გადამიარეს,)
არღანია, ვით არღნის ხმა, გაჰყვა მღვრიე მდინარეს...

მეორე დღეს, ერთმა „ლოთმა“ გვანუგეშა ცისმარე:
თლათ მზესავით ბრწყინაბდაო - წუხელ ვნახე სიზმარში.
...

მე ძმა მყავდა, ამ ამბავზე სურდა კინო-სცენარი,
მერე ფოთლის ჩამოვარდნა იგრძნეს მუხის ძირებმა...
ჩვენ ორივემ ვიცით ახლა რითაც ხარობს ზანარი...

წირვა-ლოცვის დასაცავად სულიც არ მეძვირება,
მაგრამ, ხშირად გული მქენჯნის, გული მოუსვენარი,
რადგან ზოგებს რჯული გვჭამს და ზოგი ძმას ეწირება...

30. 12.  2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი