მასაი


სულთან დუეტში როკავს ადუმუს -
სისხლი,
და ღამე - როგორც მასაი...
პილიგრიმობაც რომ მოანდომო -
სულ უდაბნოა და გზა არსაით...

გამშრალ მიწაზე აკენწლავს ნერვებს,
და, კანქვეშ მალავს მოსეს ხატებას,
წამოთენებას მოელის მერვეს,
როგორც წინაპრის გამოცხადებას...

ცრემლით არწყულებს მლოცველ მარანტას,
რათა წვიმამდე როგორმე გაძლოს,
უცდელი ბედით ჯვარცმას გარანდავს,
და, სისხლით განსწმედს მიწიერ სასძლოს...

და, იცის ჩვენი არც რა ემართა
პირველ სასწაულს პირჯვრის,
და ომი -
ვით ბოლო ცეკვა ცის მეომართა,
და, ცისკრის სუნთქვა მასაის ტომის...

სულს დაუბრუნებს მიწას და ერქვანს,..
თანაექცევა მეგობართ გზაზე,
და, კვდება ღმერთი, რომ კაციც ერქვას,
რომ კაცთა მოდგმაც გააღმრთოს ასე...

20.01.2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი