სინდიოფალა


(ნამდვილი ამბავი)

სოფელს ბეზბოჟნიკების ხროვა შეესია.

წვიმიანი უთენია უღმერთოთა ქართულ-რუსული გინებით შეიბილწა.

ყოველი მხრიდან მოერეკებოდნენ  ხიშტებით დაჩხვლეტილ და კონდახებით ნაგვემ, ნახევრადშიშველ კაცს, ქალსა და ბავშს.

ეკლესიის სტოასშეფარებული, ტყავისქურთუკიანი, ორი სახედაშრამული  მამაკაცის სიკვდილივით მზერა შიშის ზარს სცემდა სოფლელებს.

ალისუბნის შემაღლებულ გორაკზე ახლაც დგას ის წმინდა გიორგის ბაზილიკა. ბევრი რამ ახსოვს ამ ტაძარს, ყველაზე კარგად კი, სოლომონ მეორის გამყინავი ხმით ჩასვრილი, მეფის რუსეთის კუდამოძუებული "კროსი," აქედან და ლიხამდე.

იმ სახედაშრამულთაგან, ერთი მათგანი, მიუახლოვდა ავისმოლოდინით სუნთქვაშეკრულ ხალხს, ჯიბიდან საკანცელარიო ფურცლის მსგავსი, ნახევრადსველი ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო, გაშალა და გვარ-სახელების კითხვა დაიწყო...

ხალხს ტირილი და ვაი-ვიში აუკრძალეს.

დახვრეტის წინ ათამდე დასახვრეტს ბრალი წაუყენეს და მათივე ხელით გათხრილ, საერთო სამარხის წინ ჩაამწკრივეს.

ჭოლას ბრალად ედებოდა ამ ტაძრის კანკელის აღდგენა, რომელიც ერთი წლით ადრე მოანგრია სოფლის აქტივმა და ტაძარი სოფლის მეურნეობის საწყობად გამოაცხადა.

დახვრეტის ბრძანება სოფლის მკვიდრმა, სევასტია ურჯულომ გასცა და თავისი  რევოლვერი პირადად ჩააცალა ორმოში ჩავარდნილ, ისედაც სასიკვდილოდ დაჭრილ ჭოლას.

მიწა და ხალხი ჩუმად გმინავდა. სხვა ოჯახის წევრების დახვრეტის შიშით, თავის ახლადდახოცილ შვილებსა და მეუღლეებს ხმამაღლა ვერავინ ტიროდა.

აღნავლებული ბავშვებიდან ერთი მათგანი დაუსხლტა უფროსებს, გაიქცა და "მამას" ძახილით, ჭოლას უსულო სხეულს ზედ გულზე გადაეჭდო.

სევასტია ურჯულომ ვინტოვკა გამოგლიჯა ხელიდან  გაურკვეველი ნაციონალობის სალდათს და ხიშტი ორჯერ მოუნაცვლა მამამისზე გადაფარებულ ანდრონიკეს..
ბავშვი მამის ვულზე გაირინდა.

სამარხი ცემა-ტყეპით ამოავსებინეს სოფლელებს.

...

ღამითი ერთი მოხუცი მეზობელი კაცი მობრუნდა, - იქნებ, ღმერთმა რაიმე სასწაული მოახდინოსო და სამარხის თხრას შეუდგა.

ახალგამოდარებულ მთვარის შუქზე მაჯისსიმსხო ხვრელი ეტყობოდა შერეულ აყალოს. უეცრად ხვრელიდან სინდიოფალა ამოძვრა, გაიქცა და  იქვე, ბოლშევიკების ხელით უფრო ადრე დახვრეტილ, ჭოლას ბაბუის, სოფლის მღვდლის საფლავის ბორცვზე გაინაბა, თან ღამეულ სტუმარს აკვირდებოდა. მიჰყვა საფლავის თხრას მადლიანი კაცი, ხვრელი ჭოლასა და მისი დახვრეტილი ნათესავის გვამებს შორის ჩაჭედილ, თითქმისგაცივებულ ანდრონიკეს ცხვირ-პირამდე აღწევდა...

...

გახდა ანდრონიკე თვრამეტი წლის.
ალისუბანს ბავშვობიდანვე გაარიდა დედის ძმამ და მახლობლად, თავის სოფელში, სკანდეში ზრდიდა.
იმ დღეს თავისი ტოლ-ამხანაგები დაპატიჟა ბიძის ქოხში ანდრონიკემ. ტოლ-სწორებს თავისი სადღეგრძელოს თქმა აცალა; მალე მოვალო, თქვა და...

- ამხანაგო სევასტი! - გაისმა ახალშეღამებულზე, ალისუბნის განაპირას,  ხის, ახლადაგებული სახლის ჭიშკართან.
- რომელი ხარ? - ჭიშკრისაკენ  წამოვიდა წელში მოხრილი კაცის ლანდი.
- მე ვარ, ჭოლა! - საიქიოდან გამომაგზავნეს, - და ანდრონიკემ სევასტია ურჯულოს სახეში ესროლა მამამისის ნაქონი, ბიძის სახლიდან მოპარული თოფი.

...

ადვოკატზე უარი თქვა ანდრონიკემ.
დახურული სასამართლოზე მოსამართლის შეკითხვას, - რატომ თვრამეტ წლამდე, ერთი დღით ადრე არ მოკალი სევასტია, დახვრეტა ხომ აგცდებოდაო? - ასე უპასუხა: 

- მე ახლა თვრამეტი წლისა ვარ და ჩემი ყველა სიტყვა პასუხისმგებლიანი კაცის სიტყვაა, თვრამეტ წლამდე  კი ჩემს საქციელს მაინც უგუნური ბავშვის საქციელი ერქმეოდა.

- მე დამნაშავედ ვაცხადებ საბჭოთა რეჟიმს, ამ სისხლიან რეჟიმს,  ღმერთის და ხალხის წინაშე! დამნაშავეა ამ ბოროტი წყობის ყველა შემოქმედი და მხარდამჭერი! თქვენ, ყველანი, "სევასტია ურჯულოები" ხართ!..
სინამდვილეში, ეს თქვენი სასამართლოა და არა ჩემი...

ღმერთმა და ბაბუამისის სულმა გადაარჩინა დახვრეტას ანდრონიკეო, - ჩუმად ამბობდა ზოგი.

ომი რამდენიმე წლის დამთავრებული იყო ციმბირიდან რომ დააბრუნეს განახევრებული ანდრონიკე, მაგრამ თავის სოფელში ცხოვრების უფლება აღარ მიცეს. 

ყმაწვილობისდროინდელი შეყვარებული ქალის გული მაინც ელოდა ანდრონიკეს...

დაგვიანებული, ხუთკაციანი ქორწილი დაღამებამდე დაიშალა.

მიეცათ ვაჟი და ზრდიდნენ შვილს ისე რომ სიმართლე არ ცოდნოდა.

ბიჭმა რუსეთში ჩააბარა უმაღლესში. მესამე კურსზე იყო, თავისი ფაკულტეტის დეკანი, საქართველოზე შეგინების გამო ფეხებით რომ გადმოკიდა სტუდენტური საცხოვრებლის აივნიდან...

კვიცი გვარზე ხტისო, - იფიქრა ანდრონიკემ, ბიჭი არ დამეღუპოსო და საქართველოში დააბრუნა. ცოლი შერთო და შვილიშვილიც შეეძინათ, გაბრიელი.

...

1989 წლის 11 აპრილი. "ადინადცატით" თბილისიდან საგურამოში ბრუნდებოდა ოჯახი.

- კიდევ მოგვიყევი რა, სინდიოფალამ როგორ გადაარჩინა ჩვენი დიდი პაპა; - არ ასვენებდნენ მძღოლს მისივე პატარა ვაჟები.

ჰაერი გაჟღენთილი იყო 9 აპრილს შეწირულ, მოწამეთა დიდებითა და კიდევ რაღაც ძალიან დიადით, რასაც ერის გამოღვიძება ჰქვია.

იმ დღეს,, ლენინზე უფრო მტკიცე  კომუნისტი, ჩემი სკოლის ყოფილი დირექტორიც კი, უშვერი სიტყვებით აგინებდა კრემლს...

მცხეთის გამოსასვლელთან, "ადინადცატს" წინ მოპიკეტე რუსი სალდათი გადაუდგა და მანქანის გაჩერება ბრძანა.

მძღოლში ყველა წინაპარმა ერთად გაიღვიძა, გაზს მიაჭირა და რუსი სალდათების დედებს მოკითხვა შეუთვალა...

რუსების პასუხი აკაემის ტყვიების ჯერი იყო...

- გაბრიელ! - ეხვეოდა ახალგაზრდა ცოლი მეუღლის ჯერ არგაციებულ სხეულს და ხალხს ეხვეწებოდა, მამის სიკვდილით გაოგნებული ბავშვები იქაურობას გაერიდებინათ...

 

24.10.2024.

(ჩემი აწ განსვენებული მეგობრის, გულანთებული მამულიშვილის, მერაბ გუგუმბერიძის ნაამბობის მიხედვით.)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი